რატომაა იდაყვის რამეზე მირტყმა ასეთი მტკივნეული?
ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც იდაყვი რამეზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მიურტყამს და ის სიმწარე არ განუცდია, რომელიც ამას ახლავს თან. ესაა ერთდროულად დაბუჟება და ძლიერი ტკივილი, რომელიც ავეჯზე ფეხის თითის მირტყმის თანმდევ საშინელ შეგრძნებას არ ჩამოუვარდება (თუ არ აღემატება).
ალბათ, ბევრ თქვენგანს უფიქრია, რა ხდება ამ დროს და რატომაა რამესთან იდაყვით მოულოდნელად შეჯახება ასეთი მტკივნეული. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ იდაყვის ნერვზე უნდა გესაუბროთ.
ის ხელს მიუყვება, იდაყვში გადის და კისრიდან თითებამდეა გადაჭიმული. ეს ნერვი ტვინიდან იღებს იმპულსებს და თავადაც იქ გზავნის სიგნალებს. ამგვარად, ხელებისა და მკლავების გარდა, არათითისა და ნეკის მოძრაობასა და მათ მიმდებარედ შეგრძნებების დაფიქსირებაში გვეხმარება.
იდაყვის ნერვის უდიდესი ნაწილი ძვლების, კუნთებისა და ცხიმის ფენებითაა დაცული, მაგრამ იდაყვის არეალში "მოშიშვლებულია". ის მედიალური ეპიკონდილის უკან გადის და იდაყვის გვირაბს მიუყვება. აქ ის ძვალსა და კანს შორისაა მოქცეული, ამიტომ, მაგალითად, ავეჯზე იდაყვის მირტყმისას ზეწოლისგან არაფერი იცავს. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ მსგავსი შემთხვევისას ძლიერმა ტკივილმა იჩინოს თავი, რადგან ამ დროს ნერვი იჭყლიტება, უსიამოვნო შეგრძნება კი მთლიან მკლავს, თითქოს, აშეშებს.
სწორედ ასეთი რამ ხდება პარესთეზიის შემთხვევაშიც, როცა გარკვეულ მდგომარეობაში სხეულის რომელიმე ნაწილი გვიბუჟდება, რასაც თითქმის ისეთივე უცნაური შეგრძნებები ახლავს თან, როგორიც იდაყვის მირტყმას.
ტკივილი, როგორც წესი, მალევე ქრება, თუმცა "იდაყვის გვირაბის" სინდრომის მქონე პაციენტებისთვის ის ხანგრძლივია. ასეთი გართულებისას ხსენებულ არეალში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და ის გაღიზიანებულია, რისი მიზეზიც ხშირად რაიმე ტრავმაა.
კომენტარები