ამერიკელი ფუტუროლოგის პროგნოზით, უკვდავებას 2030 წლისთვის მივაღწევთ
დღეს ყველანი სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილების ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ ბოლო ათწლეულში ხელოვნური ინტელექტი საგრძნობლად განვითარდა ისევე, როგორც ნანოტექნოლოგია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამერიკელი ფუტუროლოგი, რეი კურცვაილი პროგნოზირებს, რომ უკვდავებას ადამიანები 2030 წლისთვის მივაღწევთ, რაზეც, ალბათ, უამრავ ჩვენგანს უოცნებია. მისი აზრით, გენეტიკაში, რობოტიკასა თუ ნანოტექნოლოგიაში წინსვლის მეშვეობით მალე ჩვენს ძარღვებში ნანობოტები იმოძრავებს. ესაა 50-100 ნანომეტრი ზომის პაწაწინა რობოტები, რომლებსაც კლინიკურ მედიცინაში მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება შეუძლია. ისინი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, მაგალითად, დნმ-ის კვლევისთვის და უჯრედებამდე ნივთიერებების მიტანისთვის.
კურცვაილი ფიქრობს, რომ მედიცინის მომავალი სწორედ ნანობოტებშია, რომლებიც ადამიანის სხეულის მდგომარეობას უჯრედულ დონეზე გააუმჯობესებს, რაც დაბერებასთან ბრძოლასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მას ასევე მიაჩნია, რომ ცნობიერებას გავაციფრულებთ, რითაც უკვდავებას მოვიპოვებთ.
"ჩვენი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ათასობით წელია, ვზრდით. 1 000 წლის წინ ეს 19 წელი იყო, 1 800 წლის წინ 37, 10-15 წელში კი მივალთ წერტილამდე, საიდანაც იმაზე მეტ დროს დავამატებთ, ვიდრე დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობაა", — ამბობს კურცვაილი 2016 წლის ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ მისი მრავალი პროგნოზი გამართლდა. მათ შორის ის, რომ 2 000 წლამდე კომპიუტერი ადამიანს ჭადრაკში აჯობებდა, რაც ნამდვილად ასე მოხდა. ასევე, ინტერნეტის განვითარება და უსადენო ტექნოლოგიაზე გადანაცვლება. ყველაზე ცნობილი და პოპულარული "წინასწარმეტყველება" კი, რომელსაც ფუტუროლოგმა წიგნიც მიუძღვნა, 2045 წლამდე სინგულარობის მიღწევაა, ანუ მომენტის, როცა მანქანური ინტელექტი ადამიანისას გაუთანაბრდება ან აჯობებს.
აცხადდება თუ არა ფუტუროლოგის ეს პროგნოზი, მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები