7-8 მარტის აქციაზე მოქალაქე ზაზა ბირიაშვილს სახეში ესროლეს. დაზარალებულის ცოლი ამბობს, რომ მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

როგორც მაია გორგოშიძემ On.ge-ის განუცხადა ბირიაშვილი აქციაზე 7 მარტის საღამოს გავიდა, 8-ში ღამით კი სახლში დარეკა და უთხრა, რომ თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს და ვერ ხედავდა. მისი თქმით, ზაზა საქართველოს დროშასთან იდგა, რომელსაც სპეცრაზმი წყლის ჭავლს უშვერდა და სველი იყო, ამიტომ სახლში მისვლა და გამოცვლა შესთავაზა, თუმცა ის დარჩა და პროტესტი გააგრძელა.

გორგოშიძე ამბობს, რომ მის ქმარს პარლამენტის შენობიდან რაღაც მოხვდა თვალში, თუმცა არ იციან რა. შედეგად თვალის მძიმე დაზიანება მიიღო.

"შიგნიდან რაღაცა მოხვდა თვალში, რაღაცა გამოისროლეს. მაგრამ ექიმიც ვერ ადგენს რა არის, ჩვენთან იყო აქციის შემდეგ შემოყვანილი პაციენტები სხვა დროსაც, მაგრამ ასეთი მძიმე დაზიანება არავისთან არ გვქონიაო. ეს არის არ ვიცი... ერთი მოხვდა, რამდენი მოხვდა, სიმწრისგან ვეღარ იგებს რა მოუვიდა. გააუბედურეს ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანი სახლიდან გავიდა და სამ საათში ინვალიდად აქციეს", — ამბობს ცოლი.

კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ დაშავებული მათთან იყო შეყვანილი და უკვე გამოწერეს. გორგოშიძის თქმით, ექიმები გარანტიას ვერ აძლევენ, რომ მხედველობის აღდგენას შეძლებენ. გარდა ამისა, დაზარალებულს აქვს ტვინის შერყევა და ცხვირის ტრავმა.

"დაზიანებული აქვს თვალი და მხედველობა დაკარგული აქვს ცალ თვალიდან მთლიანად და ამის არანაირ გარანტიას არ მაძლევენ, 0% არის შანსი, რომ მხედველობა აღუდგეს. კვერცხივით დაშლილი თვალი ავაწყვეო, დამტვრეული კვერცხი ავაწყვეო ასე მითხრა ექიმმა.

აქვს ცხვირის ტრავმა, აქვს თვალის ტრავმა, ჩალურჯებული მთელი სახე, ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადახსნილი, ღებინების შეგრძნება, მოკერილი აქვს მთელი სახე", — ამბობს ცოლი.

ფოტო: ავტორი უცნობია / ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

ოჯახს სურს, ბირიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, რომ მკურნალობის თანხები დაიფაროს. მათ საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა დაშავების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელებული იყო.

On.ge დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების 22 შეტყობინებას იძიებს. ვცდილობთ უწყებაში გავარკვიოთ, დაიწყო თუ არა გამოძიება კონკრეტულად ამ საქმეზე.

შსს-ს ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ აქციაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებს და აღნიშნული ფაქტის დადგენის და ბრალეულობის შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაბამისი რეაგირება", — უთხრა მან ჟურნალისტს.

ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე, დადგენილია თუ არა, რომ მოქალაქემ თვალი დაკარგა, ასე პასუხობს:

"ზუსტად ვერ გეტყვით. გამოძიების დროს დადგინდება, ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, სად დაკარგა".

ბერიაშვილის ცოლი ამბობს, რომ მკურნალობის თანხების დასაფარად გამგეობას მიმართეს.

"თუკი რამე საშუალება იქნება მკურნალობის, საქართველოში არ კეთდება ასეთი ოპერაციები და არ ვიცი, თუკი რაღაცა იქნება მე მჭირდება ჩემი მეუღლე ისეთი, როგორიც იყო. ეს შეუძლებელია, მაგრამ რაღაცნაირად ჯანმრთელობა აღვუდგინოთ.

ჯერჯერობით გამგეობაში ჩავაბარებთ რაც გამომატანეს საავადმყოფოდან, ვალდებულება რაც მაქვს, ამაზე მომაწერინეს ხელი და იქნებ გამგეობამ დაგვიფინანსოს. არ ვიცი, ასე მითხრეს, რომ გამგეობას მიმართესო და მივმართავთ, თუ დაგვიფინანსა და მერე სხვა გზას მოვძებნეთ", — ამბობს მაია გორგოშიძე.


7-8 მარტის აქციები პოლიციამ უხეში ძალის გამოყენებით დაშალა. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდნენ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გზას.

9 მარტის დილას სპეცრაზმმა აქცია დაარბია. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ხელკეტებით მისდევდნენ და წაქცეულებს ფეხებსაც ურტყამდნენ. ამის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრო 58 თანამშრომლის დაშავებაზე საუბრობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული ოცნების ხელისუფლება აქციას ძალის გამოყენებით შლის. 2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რამდენიმემ თვალი და მხედველობა დაკარგა.