Slay პოსტერები
აქციებზე ორიგინალური პოსტერებით გასვლა არასდროს გვიჭირდა, მაგრამ ბოლო დღეებში გამოჩენილი კრეატიულობა განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. ისტორიას აუცილებლად შემორჩება, როგორ შემოუძახეს დეპუტატებს "ძონძის კუკლებო", როგორ გამოიჩინა თავი "Slay თაობამ", რა თამამად ეჭირათ წყლის ჭავლის წინ "არა რუსულ კანონს" და როგორ "ვერ შეაშინებენ მეგრელებს წიწაკით".
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა 14 თებერვალს დაიწყო, როცა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა გვამცნეს, რომ კანონპროექტს აინიცირებდნენ. ანტიდასავლური მოძრაობის წევრებს "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნა სურდათ და ხელისუფლების მხარდაჭერაც ჰქონდათ. პროტესტს სათავეში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ედგნენ.
აქტივისტი ჟურნალისტები
ჟურნალისტებს პოსტერებით დგომას, კამერით დგომა გვირჩევნია, თუმცა მაინც მოგვიწია აქტივისტების როლში ყოფნა, პარლამენტში ფურცლების შეპარება და კანონმდებლების წინ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.
მიუხედავად იმისა, რომ გვჩრეკდნენ, გვაბრკოლებდნენ და არ გვიშვებდნენ, 20 თებერვლიდან რამდენჯერმე ვუთხარით დეპუტატებს, რომ "აგენტი თავი აბიათ" და "მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია".
"სახიფათო" პოსტერი
პარლამენტში ვიდექით 27 თებერვალსაც. თუმცა ზოგიერთს პოსტერის გარეშე მოგვიწია, რადგან პარლამენტის დაცვამ "სახიფათო" ფურცლები შენობაში არ შეგვატანინა. მაგალითად, ჩვენს ჟურნალისტს ეს წაართვეს.
არა რუსულ კანონს!
პარლამენტში დაწყებულმა პროტესტმა რამდენიმე დღეში ახალი მასშტაბი შეიძინა. კულტურის, ხელოვნების, განათლების, თეატრის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას. ზოგი პირდაპირ, ზოგი უფრო თავშეკავებით ამბობდა — "არა რუსულ კანონს".
7 მარტს, როცა პარლამენტმა დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოსთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და პოსტერებით ბრძოლამ გაცილებით უფრო საინტერესო სახე მიიღო.
კომენტარები