მეცნიერებმა გიზის პირამიდაში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა გიზის დიდ პირამიდაში, რომელიც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან უძველესია, საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს. ეს სპეციალისტთა საერთაშორისო გუნდმა 7-წლიანი კვლევითი პროექტის ფარგლებში შეძლო.
მათ მიერ გამოვლენილი დერეფანი სიგრძეში 9 მეტრია, ხოლო მისი სიგანე 2 მეტრს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ გაავრცელა. მინისტრ აჰმედ ისას განცხადების თანახმად, გიზის, იგივე ხეოფსის პირამიდაში მიგნებულ გასასვლელს სამკუთხა ჭერი აქვს და ის ამ უზარმაზარი ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ახალი აღმოჩენა პროექტ ScanPyramids-ის ფარგლებში გაკეთდა, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. ის საფრანგეთის, გერმანიის, კანადისა და იაპონიის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებსა და ეგვიპტელ ექსპერტებს აერთიანებს. მათ გიზის დიდი პირამიდის შიდა სტრუქტურის შესასწავლად თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც ფარული ღრუ ადგილების გამოვლენას გათხრების გარეშე ხდის შესაძლებელს. ესაა ინფრაწითელი ტომოგრაფიის, მიუონური ტომოგრაფიისა და სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის ნაზავი, რომლის გამოყენებაც შენობებს არ აზიანებს.
აღსანიშნავია, რომ ხეოფსის პირამიდა გიზის პირამიდებიდან უდიდესია და მისი სიმაღლე 146 მეტრი გახლავთ. ის მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთია, რომელმაც დღემდე მოაღწია. ეს უზარმაზარი ნაგებობა დაახლოებით 4500 წლის წინაა აშენებული და მასში ჩვენთვის ცნობილი სამი ოთახია.
მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი შანსია, ახალაღმოჩენილი გვირაბი რაღაცას იცავდეს, უფრო ზუსტად კი ფარაონ ხეოფსის სამარხს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები