აშშ-ის 4 პრეზიდენტის დნმ-ს ღრმა კოსმოსში გაგზავნიან
ტეხასში დაფუძნებული კომპანია Celestis, რომელიც ადამიანებს "კოსმოსური დაკრძალვის" სერვისს სთავაზობს, დედამიწის მიღმა ამერიკის შეერთებული შტატების 4 პრეზიდენტის დნმ-ის გაგზავნას გეგმავს. ესენია: ჯორჯ ვაშინგტონი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ჯონ კენედი და რონალდ რეიგანი.
მისია Enterprise Flight-ის შესახებ ინფორმაცია 20 თებერვალს, პრეზიდენტის დღეს გავრცელდა. მის ფარგლებში კოსმოსში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიებისა და ფილმების Star Trek ვარსკვლავების ნაშთებსაც გაუშვებენ. მათ შორისაა ნიშელ ნიკოლსი, დეფორესტ კელი, ასევე, სცენარისტი ჯინ როდენბერი, მისი ცოლი, მსახიობი და პროდიუსერი მაჯელ ბარეტი, ჯეიმს დუჰანი და სხვები.
ფრენა წელს შედგება. ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების დნმ-ს სპეციალურ კაფსულებში მოათავსებენ და კოსმოსში კომპანია United Launch Alliance-ის რაკეტით Vulcan გაუშვებენ.
Celestis-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი სიმბოლურად ან სხვაგვარად კოსმოსში გაფრინდება. ამჯერად გამოყენებული იქნება ლუი მაშროს კერძო კოლექციაში არსებული თმის ღერები, რომლებიც აშშ-ის პირველ პირებს ეკუთვნის. მათი ავთენტურობა დადასტურებულია.
"Enterprise-ის ფრენა ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიულია. Celestis-ის მიზანი მზის სისტემაში ადამიანთა გავრცელების ხელშეწყობაა. Enterprise-ში ამ ამერიკელი გამოჩენილი პირების დნმ-ის დამატებით ჩვენ სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების წინამორბედს ვაფუძნებთ და ადამიანთა მიერ ღრმა კოსმოსის კვლების ისტორიაში საკუთარი წვლილი შეგვაქვს", — წერია ბლოგპოსტში.
გეგმის მიხედვით, დნმ-ის შემცველი კაფსულები, რომელთა რაოდენობაც 200-სს აჭარბებს, დედამიწისა და მთვარის სისტემის მიღმა 150-დან 300 მილიონ კილომეტრამდე მანძილის მოშორებით გაეშვება. მათში მოთავსებული იქნება თმის ღერები, დნმ, ფერფლი, პირადი გზავნილები და ა.შ.
Vulcan Centaur-ის მთავარი მისია კომპანია Astrobotic-ის მთვარის ხომალდის გაყვანა იქნება, რის შემდეგაც რაკეტის მეორე საფეხური გზას განაგრძობს და მზის გარშემო არსებულ ორბიტაზე შევა. ამით ის ადამიანთა მიერ შექმნილი ყველაზე შორეული "სადგური" იქნება.
კომენტარები