ნეანდერტალელები დიდ ჯგუფებად ცხოვრობდნენ და გიგანტურ სპილოებზე ნადირობდნენ — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ნეანდერტალელები იმაზე დიდ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა და ნადირობდნენ მასიურ სპილოებზე, რომლებიც დღევანდელზე სამჯერ მასიურები იყვნენ.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მეცნიერებმა 125 000 წლის წინანდელი სპილოების ჩონჩხები აღმოაჩინეს. აღმოჩენა ცენტრალურ გერმანიაში, ჰალეს მახლობლად გაკეთდა.
იმდროინდელი სპილოები ზომით ბევრად აღემატებოდნენ მამონტებს და სამჯერ უფრო დიდები იყვნენ ვიდრე დღევანდელი აზიური სპილო. ეს არსებები დაახლოებით 13 ტონას იწონიდნენ.
"ამ გიგანტურ ცხოველებზე ნადირობა და მათი დახოცვა ნეანდერტალელების საარსებო საქმიანობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ეს ადამიანის ევოლუციაში სპილოზე ნადირობის პირველი აშკარა მტკიცებულებაა", — განუცხადა AFP-ს კვლევის თანაავტორმა ვილ რობრუკსმა.
კვლევა ვარაუდობს, რომ ნეანდერტალელები, რომლებიც ამ მხარეში დაახლოებით 4 000 წელი ცხოვრობდნენ ნაკლებად მოძრავები იყვნენ და ქმნიდნენ სოციალურ ერთეულებს, არსებითად უფრო დიდს, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.
"ნეანდერტალელები არ იყვნენ ბუნების უბრალო მონები, რომლებიც გარემოზე ვერ ზემოქმედებდნენ. ისინი გარემოზე ცეცხლით მოქმედებდნენ და გავლენას ახდენდნენ ყველაზე დიდ ცხოველებზე", — თქვა რობრუკსმა.
კვლევამ აჩვენა, რომ მონადირებული სპილოების უმეტესობა მამრობითი სქესის იყო. ეს ნადირობის სელექციაზე მიანიშნებს.
"ეს არის ტიპიური სელექცია, რომელსაც მონადირეები ახდენდნენ", — ნათქვამია კვლევაში.
ზრდასრული მამრი სპილოები უფრო ადვილი მოსანადირებლები იქნებოდნენ, რადგან უფრო ხშირად მარტო გადაადგილდებოდნენ, განსხვავებით მდედრებისგან.
მკვლევრების თქმით, ნეანდერტალელებს სპილოს ხორცის შენახვა მოუწევდათ, რადგან ეს თვეების საკვები შეიძლება ყოფილიყო.
"საინტერესოა, თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეეძლოთ ხორცის შენახვა. ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვქონდა. თუმცა, არის მეორე ფაქტორიც, ისინი უბრალოდ ბევრად უფრო დიდ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. შესაბამისად, მათთვის ასეთი დიდი ცხოველის მონადირება აუცილებელი იქნებოდა", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ნეანდერტალელები იყენებდნენ კაჟის ხელსაწყოებს ცხოველებზე სანადიროდ. ამ იარაღებმა მკაფიო კვალი დატოვეს კარგად შემონახულ ძვლებზე.
"ეს არის კლასიკური ჭრილობის ნიშნები, რომლებიც წარმოიქმნება ხორცის მოჭრით და გამოფხეკვით", — თქვა რობრუკსმა.
ასევე ნაპოვნი იქნა ნეანდერტალელების მიერ გამოყენებული ნახშირის კვალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა, ისინი ხორცს კიდებდნენ და აშრობდნენ.
კვლევა იძლევა მტკიცებულებებს, რომ ნეანდერტალელები დიდ სოციალურ ერთეულებს აყალიბებდნენ, მაგრამ ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად დიდი იყო სინამდვილეში ეს ჯგუფები.
ერთი რამ ფაქტია, თუ თქვენ 10 ტონიანი სპილო გყავთ მონადირებული და გინდათ მოასწროთ მისი შეჭმა სანამ გაფუჭდება, მინიმუმ 20 ადამიანი მაინც გჭირდებათ.
კომენტარები