ანალიზი: როგორ იყენებს კადიროვი სპორტში "ახმატის გზას" ჩეჩნეთში მმართველობის გასაძლიერებლად
ჩეჩნეთში სპორტი აშკარად პოლიტიკურია. სპორტსმენებთან ურთიერთობით ან რინგზე შვილების გაგზავნით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ვარჯიშსა და კონკურენტულ სპორტს თავისი საზოგადოებრივი იმიჯის გასაძლიერებლად და ეროვნული იდენტობის შესაქმნელად იყენებს, რომელიც მის მიზნებს შეესაბამება და რეჟიმის მომავალს უზრუნველყოფს.
UFC280 ბრძოლის ღამე კავკასიაში შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულთა შორის ნანატრი მოვლენა იყო. დაღესტნელი ისლამ მახაჩევის და ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირება მთავარი ამბავი იყო, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი MMA პრომოუშენის კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. ეს ღონისძიება კავკასიისთვის ტრიუმფი იყო, რადგან მახაჩოვმა ოლივეირა დაამარცხა და UFC-ში მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა.
საღამოს ერთადერთი გასართობი მხოლოდ ბრძოლა არ ყოფილა. მთავარი ღონისძების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიის ორ რესპუბლიკას შორის ხანგრძლივმა მტრობამ თავი იჩინა. ხამზატ ჩიმაევს, პოპულარულ ჩეჩენ-შვედური შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატსა და UFC-ის ვარსკვლავის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილს, მსუბუქ წონაში მოასპარეზე აბუბაქარ ნურმაგომედოვს შორის რინგზე შეხლა-შემოხლა დაიწყო.
მეორე დღეს კონფლიქტი უკვე მოგვარებული იყო: ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა ვიდეოზარის სკრინშოტი გამოაქვეყნა, როგორც ჩიმაევთან, ასევე ნურმაგომედოვთან.
"ხამზატ ჩიმაევსა და აბუბაქარ ნურმაგომედოვს შორის არანაირი პრობლემა არ არის, მე პირადად დავრწმუნდი", — ამბობდა ის.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კადიროვი კავკასიელი სპორტსმენების საქმეებში ჩაერია. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტის განვითარებას თავის რესპუბლიკაში და პირადად უზრუნველყოფს ნიჭიერი ჩეჩენი სპორტსმენების პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
კადიროვი ამტკიცებს, რომ ეს სპორტსმენები, რომლებიც ხშირად ჩნდებიან მის გვერდით ფოტოებსა და საჯარო ღონისძიებებზე, მისაბაძი მაგალითი არიან კავკასიელი ახალგაზრდებისთვის. თუმცა, ის, ასევე იყენებს სპორტსმენებს და სპორტს, რათა ხელი შეუწყოს ჩეჩნური იდენტობის კადიროვზე ორიენტირებულ ხედვას, გააძლიეროს თავისი იმიჯი შიდა და საერთაშორისო დონეზე და შვილებსაც გაუკვალოს გზა.
"ახმატის გზის" კვალდაკვალ
შეუძლებელია გროზნოში 100 მეტრის გავლა, რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის კვალის შემჩნევის გარეშე. მის სახელს ატარებს ქუჩები, სკოლები, სტადიონები და აეროპორტიც კი.
ზოგიერთ ქუჩაზე 2000-იან წლებში ბომბებით განადგურებული გროზნოა გამოფენილი, (რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას შორის კონფლიქტის დროს განადგურდა) რათა ჩეჩნებს შეახსენონ მათი უახლესი ისტორია. მაგრამ ამ სურათების მთავარი მიზანი არ არის კოლექტიური მეხსიერების შენარჩუნება: ეს არის იდეოლოგიის და კონკრეტული ისტორიული ვერსიის პროპაგანდა.
რამზან კადიროვს სურს, რომ ჩეჩნები მადლიერი იყვნენ მისი მამის, ახმატ კადიროვის, რომელმაც, მისი თქმით, მშვიდობა მოუტანა მათ რესპუბლიკას.
პირველი ნაბიჯი ამ ეგრეთ წოდებული "მშვიდობის" მისაღწევად იყო ჩეჩენიზაცია: 2000 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კონფლიქტის მართვა მოსკოვის ერთგულ ჩეჩნებს ანდო. ახმატ კადიროვმა მხარე შეიცვალა და ამ ახალი ალიანსის სათავეში ჩადგა.
სოციოლოგების, ლე უეროუსა და მერლინის აზრით, კონფლიქტის ამ ჩეჩენიზაციის მიზანი იყო "რესპუბლიკის რეინტეგრაციისა და რუსეთის ფედერაციაში გამაგრების უზრუნველყოფა, ორი უკიდურესად ძალადობრივი ომის შემდეგ".
2004 წელს ახმატ კადიროვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. მისი ვაჟი რამზან კადიროვი 2007 წელს პრეზიდენტი გახდა და მაშინვე დაიწყო მამის მითიფიკაციის პროცესი.
ჩეჩნეთის ოფიციალური ისტორიები ახმატ კადიროვს ჩეჩენი ერის გმირად განიხილავენ. ეს ნარატივი ძალიან პოპულარულია, რამზან კადიროვმა მამის 71 წლის იუბილეზე განაცხადა, რომ ახმატ კადიროვმა "გადაარჩინა თავისი ხალხი განადგურებისგან [და] რუსეთი დაშლისგან".
"ყველაფერი, რაც დღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კეთდება, არის ისე, როგორც ახმატ-ხაჯიმ დააწესა, მისი პროგნოზების და ოცნებების მიხედვით. იმ კურსის შემდეგ, რაც მან გვიჩვენა, ომის წლებში დანგრეული ქალაქები და სოფლები პრაქტიკულად საძირკვლიდან ავაშენეთ", — თქვა მან.
ახმატ კადიროვის, როგორც ჩეჩნეთის მხსნელისა და ლიდერის ეს იდეა ასახულია ფრაზაში "ახმატის გზა", რომელსაც კადიროვი ხშირად იმ "მშვიდობიანი" მარშრუტის აღსაწერად იყენებს, რომელსაც რესპუბლიკა მას შემდეგ გაჰყვა, რაც მამამისი პრეზიდენტი გახდა.
მეტი ვიდრე უბრალოდ გამოთქმა, "ახმატის გზა" არის ავტორიტარული იდეოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს ჩეჩნეთის ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლებას: სამუშაოს, ისტორიის, კულტურის და ასევე სპორტის.
სპორტი იდეოლოგიის სამსახურში
ჩეჩნეთის ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე მეორე გვერდი დიდი ხანია ახმატ კადიროვს ეძღვნება. მასში მოთხრობილია ჩეჩნეთის სპორტის ისტორია, რაც ცხადყოფს რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტთან განუყოფელ კავშირს.
"ახმატ-ხაჯი კადიროვმა დიდი დაინტერესება გამოავლინა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის აღორძინებისა და განვითარების მიმართ […] 2000-იანი წლების შუა ხანებში ა-კ კადიროვმა განაცხადა, რომ ომიდან მშვიდობიან ცხოვრებაზე გადასვლისას ერთ-ერთი მთავარი როლი სპორტს უნდა ეთამაშა".
რამზან კადიროვი ჩეჩნური ეროვნული იდენტობის შესაქმენლად ისეთ ისტორიებს იყენებს, რომელიც მის მიზნებს შეესაბამება. ამ "ეროვნების მშენებლობას" ორი მიზანი აქვს: სახელმწიფოსა და მისი ხალხის გაერთიანება ოფიციალური ისტორიისა და იდეოლოგიის ირგვლივ, ეროვნული იდენტობის ძლიერი გრძნობის განვითარება და, ამრიგად, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.
კადიროვის ჩეჩნეთში ახმატმა უნდა გააერთიანოს რესპუბლიკა. ყოველი ახალი კომუნალური პროექტი ასოცირდება ახმატ კადიროვის ციტატასთან, რათა ცხადი გახდეს, რომ რამზან კადიროვი მიჰყვება მამის გზას და ამთავრებს დაწყებულ საქმეს.
მაგალითად, ჩეჩნეთის რომელიმე მუზეუმისა თუ კულტურული ცენტრის სტუმრობისას სტუმარს ესალმება ციტატა — "კულტურის გარეშე, არ არსებობს ერი". ეს მნახველს შეახსენებს, რომ ახმატ კადიროვი "წარმატებული რესპუბლიკის აღორძინების მთავარ ფაქტორად კულტურის დონის ამაღლებას მიიჩნევდა", როგორც ეს რესპუბლიკის ოფიციალურ ისტორიაშია ნათქვამი.
და სპორტი ამ დინასტიურ პროპაგანდაში ცენტრალურია. კადიროვთან დაკავშირებული სპორტსმენების იდენტიფიცირება რთული ამოცანა არ არის. მან დაადგინა თავისი რეჟიმისთვის დამახასიათებელი კოდები და ლოზუნგები, სადაც ჩეჩენი სპორტსმენები იყენებდნენ ფრაზას "ახმატ სილა" ("ახმატი ძალაა") იმის საჩვენებლად, რომ ისინიც მიყვებიან "ახმატის გზას".
ამ სლოგანის ექო ისმის რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ, რომელსაც კადიროვის ოჯახის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, კადიროვის ჯარისკაცები უკრაინაში და ყველა ჩეჩნურ პროპაგანდისტულ კლიპში იყენებენ. 2017 წლიდან ბევრ სპორტულ კლუბს და ორგანიზაციას ეწოდა "ახმატი", მათ შორის FC Akhmat Grozny და აბსოლუტური ჩემპიონატი Akhmat (ACA), როგორც ჩეჩნეთის კადიროვიზაციის უფრო ფართო კამპანიის ნაწილი.
სპორტი და სპორტსმენები, როგორც პროპაგანდის საშუალებები
კადიროვის პოლიტიკური სტრატეგიების, ამბიციების და ერის მშენებლობის ინსტრუმენტების გასაგებად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მისი სოციალური მედიის ანგარიშების, განსაკუთრებით ინსტაგრამისა და ტელეგრამის ანალიზი.
კარენა ავედისიანი, პოლიტოლოგი, ინსტაგრამს მიიჩნევს ინსტრუმენტად, რომელსაც კადიროვი ოფიციალური ჩეჩნური მეხსიერების ასაშენებლად იყენებს და აღნიშნავს, რომ კადიროვის ინსტაგრამს სამი ძირითადი მიმართულება აქვს: რელიგია, სპორტი და საზოგადოებასთან ურთიერთობა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომი გახდა კიდევ ერთი დომინანტური თემა მის პოსტებში.
სოციალურ მედიაში რამზან კადიროვი სპორტს მთელ მსოფლიოში ჩეჩენი მებრძოლებისთვის ლეგიტიმაციის შესაქმნელად იყენებს, საბრძოლო სპორტისა და ვარჯიშის საშუალებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთის.
მისი Instagram-ის ბევრ პოსტში ნაჩვენებია ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რომელიც ვარჯიშობს სპორტდარბაზში, რაც საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ ის არ არის მხოლოდ პოლიტიკური სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც დიდ სპორტსმენებს ეფერება, არამედ ის თავად არის ქარიზმატული, მისწრაფებების მქონე და, შესაძლოა, ახლობელიც კი. ის თავად აკეთებს იმას, რასაც ქადაგებს, განასახიერებს მის მიერ მოწოდებულ ცხოვრების წესს და ამიტომაც ცდილობს იქონიოს ურთიერთობა ამ ცხოვრების სტილის სხვა მიმდევრებთან.
სპორტდარბაზიდან გაკეთებულ ერთ-ერთ პოსტში ის აღნიშნავს, რომ "დიდი სამუშაო გასწია კარდიო ძალების ვარჯიშებზე" და ამტკიცებს, რომ მას თან ახლდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მინისტრი.
"ყველამ კარგი განწყობით დატოვა დარბაზი! მიჰყევით სპორტს, მეგობრებო, განივითარეთ საკუთარი თავი, იშრომეთ და ჯანმრთელები იქნებით!"
კადიროვის მიერ საკუთარი ვარჯიშის ვიდეოებისა და სურათების გაზიარება ორ მთავარ მიზანს ემსახურება: ერის მშენებლობას, ჩეჩენი კაცების წახალისებას, მიისწრაფოდნენ ვაჟკაცობის იმ იდეალისკენ, რომლსაც თავად წარადგენს და ერის ბრენდირებას და სპორტულ გამორეცხვას კაცის იმიჯის პროექციით კარგი ჯანმრთელობის მქონე, ხალხთან ახლოს მყოფი და ძლიერი ადამიანის იმიჯით. ასე სთავაზობს კადიროვი ალტერნატიულ იმიჯს დასავლეთს.
ოჯახის ხაზის გაგრძელება
საბრძოლო სპორტის ეს გატაცება მხოლოდ რამზან კადიროვს არ ეხება. ყოველწლიურად, თვიდან თვემდე, მისი სამი ვაჟი სულ უფრო ხშირადაა პროპაგანდისტულ ვიდეოებში ნაჩვენები.
ჟურნალისტი კარიმ ზიდანის თქმით, კადიროვი სპორტს და MMA-ს დინასტიური პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებს, რათა აჩვენოს კადიროვების თაობებს შორის ფიტნესის პოპულარულობა და დაიცვას თავისი სისხლის ხაზი და წარადგინოს თავისი კლანი, როგორც ლეგიტიმური ჩეჩნეთის სამართავად.
კადიროვს სურს აჩვენოს, რომ მისი შვილები ძლიერი მებრძოლები არიან: მამაცი, საბრძოლო მზადყოფნაში, პატრიოტი და მზად არიან, დიდი ჩეჩენი ლიდერები გახდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, კადიროვს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა, წარმოედგინა თავისი შვილები მებრძოლებად, რადგან მეომარი ჯერ კიდევ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამურ ექსტრემიზმთან. საბრძოლო სპორტი იყო საშუალება ეჩვენებინა, რომ მისი ვაჟები იყვნენ ძლიერები და შეეძლოთ ბრძოლა, ამიტომ მისი ვაჟების კრივი და MMA ვარჯიში პოპულარულ სპორტსმენებთან ერთად ხშირად ჩნდებოდა მის სოციალურ მედია არხებზე.
მან თავისი ვაჟები სამოყვარულო კრივის ჩემპიონატებში გაგზავნა, რომლებსაც არ ეცვათ დამცავი სამოსი. ამ ნაბიჯმა სპორტსმენების და MMA-ის თაყვანისმცემლების აღშფოთება გამოიწვია. ბრძოლებს, რა თქმა უნდა, მისი ვაჟები იგებდნენ, რომლებსაც ეცვათ ჟილეტები ახმატ კადიროვის გამოსახულებით.
თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მან წინა სპექტაკლებს აჯობა, მისივე მტკიცებით, შვილების რეალურ ბრძოლაში გაგზავნით. კადიროვმა, სავარაუდოდ ფრონტის ხაზიდან გაავრცელა ვიდეოები და ფოტოები საბრძოლო აღჭურვილობაში და თოფებით შეიარაღებული "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის, ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილების".
ერთ პოსტში ის ამტკიცებდა, რომ ისინი "მოწინავე მებრძოლებისთვის ცეცხლით დაცვას უზრუნველყოფდნენ" და "აქტიურად ეძებდნენ" დამოუკიდებლობის მომხრე ჩეჩნურ ბატალიონებს.
"ახმატ-ხაძის შვილიშვილები დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე მანამ, სანამ არ მოიგერიეს ნაცისტების მორიგი კონტრშეტევა".
ყველა ამ პოსტში, კადიროვი ცხადყოფს თავის ძირითად განზრახვებს — აჩვენოს, რომ ჩეჩნეთში ძალაუფლება კადიროვებს ეკუთვნის და იქ დარჩება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები