OpenAI-მ Microsoft-თან პარტნიორობის გაფართოება ოფიციალურად დაადასტურა
გასულ კვირას Microsoft-მა 10 000 თანამშრომლის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ფაქტი მაშინვე OpenAI-სთან შესაძლო პარტნიორობას დაუკავშირეს, რაც დღემდე ჭორი გვეგონა, თუმცა ChatGPT-ის შემქმნელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტექნოლოგიურ გიგანტთან პარტნიორობას საგრძნობლად აფართოებს.
ასევე იხილეთ: Microsoft ინვესტიციას ხელოვნურ ინტელექტში დებს და 10 000 თანამშრომელს ემშვიდობება
23 იანვარს გამოქვეყნებულ პრეს რელიზში ვკითხულობთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტისა და განვითარებული ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე აქტიურად მომუშავე ფირმის მრავალწლიანი პარტნიორობა ამიერიდან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება.
"Microsoft-ის მიერ 2019, 2021 და ახლა უკვე 2023 წელს ჩადებული მილიარდობით ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ დამოუკიდებელი კვლევა და შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უსაფრთხო, გამოსადეგი და მძლავრი იქნება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ The Information გვამცნობდა, რომ OpenAI-სთან პარტნიორობისა და ამ ინვესტიციების მთავარი მიზანი კომპანიის განვითარებული ალგორითმების MS Word-სა და Microsoft Office-ის სხვა პროდუქტებში ჩაშენება იყო. ამავე სტატიაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ტექნოლოგიური გიგანტი OpenAI-ის ტექნოლოგიებს Word-ში აქამდეც იყენებდა.
Semafor-ის ცნობით კი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და თანამშრომლების დათხოვნის გადაწყვეტილებას ამასთან საერთო ნაკლებად უნდა ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ეს ორი ფაქტი იმდენად სწრაფად მიეწყო ერთმანეთს, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირება საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის.
OpenAI-ის მძლავრი ჩეთბოტი ChatGPT კი მთელ ტექნოლოგიურ სამყაროს უკვე 2 თვეზე მეტია აზანზარებს. მის შესაძლებლობებს შორისაა აკადემიური ტექსტების, სამოტივაციო წერილებისა და პროგრამული კოდების წერა და სხვა მრავალი რამე, რაც აქამდე ადამიანს დიდ დროს ართმევდა.
შეთანხმება კარგი მაგალითია იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტით არათუ უბრალოდ დაინტერესებულები არიან, არამედ მასში დიდი ფულის ჩადებასაც არ ერიდებიან.
კომენტარები