ბლოკადის ფონზე მთიან ყარაბაღში პროდუქტის ნორმირება და ელექტროენერგიის გამორთვები იწყება
მთიან ყარაბაღში ძირითადი საკვები პროდუქტების რაციონირება იწყება, რადგან ტერიტორია ლაჩინის დერეფნის ბლოკადით გამოწვეულ დეფიციტს ებრძვის. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა გახშირდება, რადგან დაზიანებულია კაბელები, რომლითაც ელექტროენერგია სომხეთიდან აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადააქვთ.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 20 იანვრიდან მოსახლეობას თვეში მხოლოდ 1 კილოგრამი მაკარონის, წიწიბურას, ბრინჯის, შაქრის და 1 ლიტრი ზეთის შეძენა შეეძლება.
მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, "უახლოეს დღეებში" მუშაობა დაიწყება კუპონური სისტემის დანერგვაზე.
ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საკვების "რაც შეიძლება თანაბრად" განაწილებას.
აზერბაიჯანელების ჯგუფმა, რომლებიც აცხადებენ, რომ "ეკო აქტივისტები" არიან, 12 დეკემბერს მთიანი ყარაბაღის მაღაროებში სავარაუდო გარემოსდაცვითი საკითხების გამო ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს — ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს გარე სამყაროსთან აკავშირებს.
ბლოკადის დაწყების შემდეგ, შეინიშნება ბევრნაირი პროდუქტის დეფიციტი ან სრული არარსებობა, მათ შორის — კვერცხის, ბრინჯის, შაქრის, თამბაქოს და მედიკამენტების.
ადრე მთიანი ყარაბაღი სომხეთიდან ყოველდღიურად 400 ტონაზე მეტ საკვებს და სხვა მარაგს იღებდა.
სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლაჩინის (ბერძორი) მახლობლად მომხდარი უცნობი ინციდენტის გამო ელექტროენერგიის გათიშვა გახშირდება ენერგიის დაზოგვისა და მხოლოდ ადგილობრივ გენერირებაზე დაყრდნობის გამო.
მთიანი ყარაბაღი დიდად არის დამოკიდებული სომხეთიდან ენერგიის იმპორტზე. რამდენიმე კაბელი და გაზსადენი გადის მთიანი ყარაბაღის მიერ ადრე კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროს აიღო.
დენის კაბელების დაზიანება დეკემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში გაზის ორდღიანი შეწყვეტის შემდეგ მოხდა.
ერთთვიანი ბლოკადის დროს ერთადერთი დადასტურებული ჰუმანიტარული დახმარება, რომელმაც მთიან ყარაბაღს მიაღწია, იყო წითელი ჯვრის მიერ გაგზავნილი ათი ტონა სამედიცინო მარაგი და ბავშვთა საკვები. დახმარება, რომელიც დეკემბრის ბოლოს ჩამოვიდა, ათი დღე უნდა გაგრძელებულიყო.
ბლოკადის თვის განმავლობაში წითელმა ჯვარმა სომხეთში სამკურნალოდ გადაიყვანა ათზე მეტი პაციენტი, მათ შორის ბავშვები.
ბლოკადამ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მხრიდან გაახშირა მოწოდება სტეფანაკერტის აეროპორტის მუშაობის დაწყების თაობაზე.
აეროპორტი პირველად 1970-იანი წლების შუა ხანებში გაიხსნა, მაგრამ დაიხურა 1990-იან წლებში პირველი მთიანი ყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ტერმინალი და ასაფრენი ბილიკი გარემონტდა, სტეფანაკერტის ხელისუფლებას აზერბაიჯანიდან ნებართვა არ მიუღია, რომ ქალაქში ან მის გარეთ ფრენები განახორციელოს .
5 იანვარს, მთიანი ყარაბაღის პარლამენტის პარლამენტის სპიკერმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს — საფრანგეთს, რუსეთს და შეერთებულ შტატებს მოუწოდა დაეხმარონ "ჰუმანიტარული საჰაერო მიმოსვლის" გახსნას. ბლოკადის პირველ დღეებში ორგანიზებულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
სომხეთის ხელისუფლებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია სტეფანაკერტის აეროპორტით სარგებლობის შესაძლებლობაზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები