Sony-მ და Honda-მ ელექტრომობილების ახალი ბრენდი AFEELA წარადგინეს
Sony Honda Mobility-მ ლას-ვეგასში CES-ზე (Consumer Electronics Show) ახალი ბრენდი, AFEELA, წარადგინა, რომელიც ელექტრომობილების წარმოებით იქნება დაკავებული.
SHM პროდუქციის განვითარებას წარმოდგენილი პროტოტიპის მიხედვით გეგმავს და წინასწარ შეკვეთებს 2025 წლის პირველი ნახევრიდან მიიღებს. სერიული წარმოება და გაყიდვები 2025 წლის ბოლოდან დაიწყება.
პროტოტიპის დიზაინი
ავტომობილს წინა მხარეს ე.წ "მედია ბარი" აქვს, რომელიც ავტომობილს ხალხთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს. მანქანას სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარებით მგზავრებთან ურთიერთობა შეუძლია. ფირმა აცხადებს, რომ "ინტერაქციული მობილურობის გამოცდილება" მხოლოდ ავტომობილში ჯდომას არ მოიცავს.
პროტოტიპის ინტერიერი მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და მგზავრებზე მორგებულია. კომპანიის მიზანი ისეთი ინტერიერის შექმნა იყო, რომელიც მძღოლის ყურადღებას რაც შეიძლება ნაკლებად გაფანტავს.
SHM-ის მიზანია, Sony-სა და Honda-ს ტექნოლოგიების გაერთიანებით ავტონომიური მართვისა და მძღოლის დამხმარე სისტემების უმაღლეს დონეს მიაღწიოს.
პროტოტიპი 45 კამერითა და სენსორითაა აღჭურვილი. კომპანიის მიზანი ავტომობილის გასართობ სივრცედ გადაქცევაცაა, რისთვისაც Epic Games-თან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
ასევე იხილეთ: Sony და Honda ავტონომიურ ელექტრო მანქანას გამოუშვებენ, რომელიც PS5-ით იქნება აღჭურვილი
ბოლოს კი, რაც ყველაზე საინტერესოა, კომპანია სერვისების განვითარებას მობილურების მსგავსი განახლებების სისტემით გეგმავს. ავტომობილის მფლობელებს 5G ინტერნეტის საშუალებით ავტომობილის სისტემის განახლება ისევე შეეძლებათ, როგორც ამას iOS, Android და სხვა ოპერაციული სისტემების შემთხვევაში ვაკეთებთ.
კომენტარები