Sony და Honda ავტონომიურ ელექტრო მანქანას გამოუშვებენ, რომელიც PS5-ით იქნება აღჭურვილი
Sony Honda Mobility-ის ხელმძღვანელებს გეგმაში Tesla-ს ელექტრო მანქანებზე უკეთესი მოდელების შექმნა აქვთ
Eurogamer-ის ცნობით, Sony და Honda თავიანთ ახალ ელექტრომობილში PlayStatin 5-ის ჩაშენებას გეგმავენ.
Financial Times-თან საუბარში ერთიანი პროექტის პრეზიდენტმა, იძუმი კავანიშიმ, აღნიშნა, რომ Sony-სათვის "ტექნოლოგიურად შესაძლებელია", რომ Honda-სთან ერთად შექმნილ ავტომობილში PlayStation 5 ჩაამონტაჟოს.
გასულ წელს, Tesla-მ Model S და Model X უფრო დიდი ჰორიზონტალური ეკრანით აღჭურვა და გრაფიკული ჩიპი AMD RDNA 2 დაამატა, აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კი თქვა, რომ ახლა ავტომობილი PlayStation 5-ის დონეზეა. ერთი წლის თავზე, ჯერჯერობით ავტომობილში ისეთი მასიური თამაშით გართობა არ არის შესაძლებელი, როგორიც Cyberpung 2077-ია და აქ არც Steam-ს ვხვდებით (რასაც მასკი გეგმავდა), თუმცა 2D Sonic the Hedgehog ნამდვილად ხელმისაწვდომია.
თუმცა Sony-ის მიზანი არ არის Tesla-ს მსგავსად ავტომობილში უბრალოდ თამაშების ინტეგრაცია. Sony Honda Mobility-ის ხელმძღვანელის, იასუჰიდე მიძუნოს თქმით, გეგმის მიზანი ავტომობილის, როგორც გართობაზე ორიენტირებული მოწყობილობის შექმნაა.
ფაზლის მთავარი დეტალი კომპანიებისათვის "მობილურობის" ნაწილია — ავტომობილი ავტონომიური უნდა იყოს.
"თუ გსურს, ავტომობილი გასართობ სივრცედ იქცეს, მაშინ ის ამავდროულად უნდა იქცეს მოწყობილობად, რომლის მართვაც არ გჭირდება, თუმცა ამის მოხერხებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება". — განაცხადა კავანიშიმ
ეს მთავარი მიზეზია იმისა, რის გამოც Sony-მ და Honda-მ წლის დასაწყისში ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს. Sony არამხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფასა და გართობას, არამედ პროექტის ავტონომიური მართვის სენსორებითა და ტექნოლოგიებით მომარაგებასაც აიღებს თავის თავზე, ხოლო Honda-ს ავტომობილების ხარისხზე ბევრი კარგი რამის თქმა შეგვიძლია. კომპანიებს იმედი აქვთ, რომ ერთად შეძლებენ სხვა ავტომწარმოებლების სისტემებთან მიახლოებას. მაგალითად, Tesla-ს სრულად ავტონომიური მართვის სისტემის ბეტა ვერსიით ამჟაად დაახლოებით 160000 ავტომობილია აღჭურვილი.
მიუხედავად ამისა, Tesla-ს ავტონომიური სისტემის კუთხით თავისი პრობლემები აქვს და ბოლო დროს კარგად საქმე არც სხვა ავტომწარმოებელი კომპანიების ამბიციური გეგმების შემთხვევაში მიდის.
დიდი თამაშების გამოცდილების ავტომობილში მიღებისგან ჯერ ისევ წლები გვაშორებს, თუმცა Sony და Honda ერთობლივი ავტომობილის ჩრდილოეთ ამერიკაში გატანას 2026 წლის დასაწყისისთვის აპირებენ. სამწუხაროდ, ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოიყურება მოდელი, თუმცა Sony ჯერ კიდევ გაერთიანებამდე, 2020 და 2022 წლებში Vision-S 01-ისა და SUV-02-ის კონცეფციებს წარმოგვიდგენდა.
კომპანიები ფსონს ჩამოდიან იმაზე, რომ მათი პროექტი ავტომობილების სფეროში გამორჩეული იქნება. მსგავსი ნაბიჯებით ავტომწარმოებლები ცდილობენ უბიძგონ მომხმარებელს, მეტი დრო გაატაროს თავის სატრანსპორტო საშუალებაში.
ჯერ ისევ გასარკვევია, უნდა თუ არა ვინმეს მანქანაში დიდი დროის გატარება, თუმცა თუ მართვა არ მოგვიწევდა და ამის ნაცვლად Playstation 5-ით გავერთობოდით, ამაზე ყველა დავფიქრდებოდით.
კომენტარები