მარსზე თოვს — ნახეთ, როგორ გამოიყურება ზამთარი წითელ პლანეტაზე
NASA-მ წითელი პლანეტის "ზამთრის საოცრებათა ქვეყანა" გვიჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ შობა-ახალ წელზე ფიქრისას, სავარაუდოდ, პირველი მარსი არ გაგვახსენდება, NASA-მ გადაწყვიტა, ჩვენთვის ეჩვენებინა წითელი პლანეტის "ზამთრის საოცრებათა ქვეყანა". ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნასას მრავალრიცხოვანმა მისიებმა აღმოაჩინა მარსზე უცნაური ყინულოვანი მახასიათებლები და ის, თუ რამდენად ჰგავს წითელი პლანეტა ზოგჯერ დედამიწას.
ზამთარში მარსზე ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. ყველაზე ცივი ტემპერატურა ფიქსირდება პოლუსებზე, სადაც შეიძლება -123°C აღინიშნოს. თუმცა, მარსის არც ერთ რეგიონში არ მოდის რამდენიმე ათეულ სანტიმეტრზე მეტი თოვლი, რომელთა უმეტესობაც ცვივა უკიდურესად ბრტყელ ადგილებზე.
საიდან ვიცით, რომ მარსზე თოვს?
შეუძლებელია თოვლზე დაკვირვება პირდაპირ პლანეტაზე, უკიდურესად ცივ და თხელ ატმოსფეროში მუშაობის გამოწვევების გამო. მაგრამ სპეციალური ხელსაწყოების წყალობით, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ წითელ პლანეტაზე თოვლი, მართლაც, მოდის.
NASA-ს Mars Reconnaissance Orbiter-ს შეუძლია ღრუბლის საფარში შეჭყეტა თავისი Mars Climate Sounder ინსტრუმენტის გამოყენებით. მას შეუძლია, აღმოაჩინოს სინათლე ტალღის სიგრძეზე, რომელიც არ ჩანს ადამიანის თვალისთვის, რაც საშუალებას აძლევს მას დაინახოს ღრუბლის საფარი და დააკვირდეს მარსის ზედაპირს. ამ ხელსაწყოთი მეცნიერებმა შეძლეს პლანეტაზე ნახშირორჟანგის თოვლის აღმოჩენა.
ასევე, 2008 წელს, ნასამ გაგზავნა Phoenix-ის დასაჯდომი მოდული მარსის ჩრდილოეთ პოლუსიდან, დაახლოებით, 1 600 კილომეტრის მანძილზე და გამოიყენა ლაზერული ხელსაწყო, რათა წყლის ყინულის თოვლის ზედაპირზე ჩამოცვენა დაეფიქსირებინა.
ორი ტიპის თოვლი
მარსზე თოვლის ორი ძირითადი ტიპია: წყლის ყინულის თოვლი და ნახშირორჟანგის (CO2) ყინულის თოვლი ან მშრალი ყინული. მარსის თხელი ჰაერისა და ყინვის ტემპერატურის გამო, მშრალი ყინული უფრო სუბლიმირდება, ვიდრე დნება, წყლის ყინულისგან განსხვავებით, რითაც ქმნის უცნაურ პეიზაჟებს, როდესაც ის მყარიდან აირად მდგომარეობაში გადადის.
კუბის ფორმის ფიფქები
დედამიწაზე ფიფქები შეიცავს ექვს მხარეს ან წერტილს, მათი წარმოქმნის რაგვარობის გამო. ყინულის კრისტალებში მოლეკულები უერთდება ექვსკუთხა სტრუქტურას, განლაგებას, რომელიც საშუალებას აძლევს წყლის მოლეკულებს, ერთად ყველაზე ეფექტიანად ფორმირდეს. ეს პრინციპი ეხება ყველა კრისტალს, რადგან ატომების განლაგება განსაზღვრავს კრისტალის ფორმას. ნახშირორჟანგის, ანუ "მშრალი ყინულის" შემთხვევაში, მოლეკულები გაყინვისას ყოველთვის კავშირდებიან ოთხკუთხა ფორმით.
"რადგან ნახშირორჟანგის ყინულს აქვს ოთხის სიმეტრია, ვიცით, რომ მშრალი ყინულის ფიფქები კუბის ფორმის იქნება", — თქვა სილვენ პიკეუსმა, მარსის მეცნიერმა სამხრეთ კალიფორნიაში NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან. "Mars Climate Sounder-ის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფიფქები უფრო მცირე იქნება, ვიდრე ადამიანის თმის სიგანეა."
როგორ მთავრდება ზამთარი მარსზე?
მარსული ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მახასიათებელი ვლინდება მაშინ, როდესაც წითელ პლანეტაზე ზამთარი სრულდება და ყინული დნობას იწყებს. იგი პირდაპირ გადადის მყარიდან აირად მდგომარეობაში, ანუ გადის სუბლიმაციის პროცესს. ამ დროს ყინული იძენს უცნაურ და ლამაზ ფორმებს, რომლებმაც მეცნიერებს ობობები, დალმატინელების ლაქები, შემწვარი კვერცხები და შვეიცარიული ყველი გაახსენა.
კომენტარები