პატარა კვლევის თანახმად, თვალის მოძრაობა ადამიანის აზრებზე გარკვეულ ინფორმაციას გასცემს
ორ რაღაცას შორის არჩევანის გაკეთებისას, როდესაც თითოეულის ავკარგიანობა უნდა ავწონ-დავწონოთ, თვალები ვარიანტებს შორის აქეთ-იქით რამდენჯერმე მონაცვლეობს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შეიძლება, თვალების მოძრაობის სიჩქარის მიხედვით განვსაზღვროთ, თუ რას ანიჭებს ადამიანი უპირატესობას რეალურად და ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს იგი საბოლოოდ. მათი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კითხვის საშუალებას თვალის სწრაფი მოძრაობა გვაძლევს, რომელიც რამდენიმე ასეული მილიწამის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ დროს ყურადღება უეცრად ერთი სიტყვიდან მეორეზე ინაცვლებს, ზოგიერთ მათგანზე ცოტა ხნით ჩერდება, შემდეგ კი ტექსტიდან აზრი გამოგვაქვს. ამასთან ერთად, თვალის სწრაფ მოძრაობას REM ძილის დროსაც აქვს ადგილი.
"ხელებისა და ფეხებისგან განსხვავებით, თვალის მოძრაობის სიჩქარე თითქმის სრულიად უნებლიეა", — აცხადებს კოლინ კორბიში, კოლორადოს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერი და კვლევის ხელმძღვანელი — "ეს ტვინში მიმდინარე არაცნობიერი პროცესების გაცილებით პირდაპირი საზომია".
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 22 ცდისპირი შეკრიბეს და სარბენ ბილიკზე სიარული დაავალეს. მათ ორგვარი არჩევანის საშუალება მისცეს: ან აღმართზე უნდა ევლოთ ცოტა ხნით, ან კიდევ სწორ ზედაპირზე, თუმცა შედარებით მეტხანს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფთა თვალის მოძრაობებს მკვლევრები ჩქარული ფოტოკამერით აკვირდებოდნენ.
"თავდაპირველად ორივე ვარიანტის შემთხვევაში თვალის მოძრაობები ერთნაირად ენერგიული იყო", — გვიხსნის ალაა აჰმედი, მექანიკური ინჟინერი და კვლევის თანაავტორი — "დროის გასვლასთან ერთად ეს სიმძლავრე გაიზარდა, ხოლო მით უფრო სწრაფად გაიზარდა საბოლოოდ არჩეული ვარიანტის შემთხვევაში".
შემდეგში მეცნიერებმა ცდისპირებს ორი ისეთი ვარიანტი შესთავაზეს, რომელთაგან ერთი გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ამ დროს თვალის მოძრაობის სიჩქარე მარტივი ვარიანტისაკენ მიმართვისას იზრდებოდა, შესაბამისად, ვიგებთ, თუ რამდენად ანიჭებდნენ ისინი უპირატესობას ამ ვარიანტს.
საგულისხმოა, რომ მათ, ვისაც გადაწყვეტილების მისაღებად ნაკლები დრო დასჭირდათ, თვალის უფრო სწრაფი მოძრაობები ახასიათებდათ. მკვლევრები ეჭვობენ, რომ ეს ადამიანები შედარებით იმპულსურები არიან.
ერთი ვარიანტის ამორჩევის შემდეგ მონაწილეებში თვალის სწრაფი მოძრაობები შეწყდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოცემული ვარიანტების შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას ემსახურებოდა.
გადაწყვეტილებების მიღების დროს შუბლის ქერქის FEF რეგიონსა და პარიეტალურ ქერქში (იგი ტვინში სენსორულ ინფორმაციას იღებს) ნეირონების აქტივობა იზრდება. როგორც ჩანს, ტვინში გარკვეული პრეფერენციის ჩამოყალიბება თვალის მაკონტროლებელ რეგიონს დათრგუნვისგან ათავისუფლებს. მეცნიერთა ვარაუდით, მოძრაობას სწორედ ეს აჩქარებს.
"როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური დროის მონაცემების მისაღებად ტვინში ელექტროდების მოთავსებაა საჭირო. ამ შედარებით მარტივად გაზომვადი ცვლადის არსებობა უამრავ შესაძლებლობას აჩენს", — ასკვნის კორბიში.
კომენტარები