მარტივი ნაბიჯები, რომლებიც გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
გული ადამიანის სხეულში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა ჩვენს ზოგად ფიზიკურ სიჯანსაღესა და კეთილდღეობას განაპირობებს.
იმისათვის, რომ გულმა საკუთარი ფუნქცია უპრობლემოდ შეასრულოს, აუცილებელია, მას ხელი ჩვენი ქმედებებითაც შევუწყოთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე ნაბიჯზე გესაუბრებით, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
არ მოწიოთ
ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ სიგარეტის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალზე საზიანოა და ისეთი სერიოზული დაავადების გამოწვევა შეუძლია, როგორიც სიმსივნეა. ამის მიუხედავად, ნიკოტინზე ბევრი ჩვენგანია დამოკიდებული, თუნდაც ელექტროსიგარეტს იყენებდეს
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, რაც ეწევით ან რა რაოდენობით, მთავარია, გაბედოთ და ამ მავნე ჩვევაზე უარი თქვათ. სხეული, კონკრეტულად კი გული, მსგავსი ცვლილებით განპირობებულ გაჯანსაღებას მალევე იგრძნობს და დროთა განმავლობაში ძალებს აღიდგენს.
რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებასთან შეწინააღმდეგება მარტივი არაა და დიდ დროსა თუ ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დახმარება სპეციალისტსაც შეგიძლიათ სთხოვოთ, იქნება ეს ფსიქოლოგიური კონსულტაცია თუ მედიკამენტური თერაპია.
მეტი იმოძრავეთ
ხშირად კარდიოლოგები საკუთარ პაციენტებს ურჩევენ, რომ ფიზიკურად გააქტიურდნენ, რადგან ეს გულის კუნთისთვის სასარგებლოა ისევე, როგორც მთლიანად ჩვენი ორგანიზმისთვის და მენტალური მდგომარეობისთვის. ცხოვრების მჯდომარე წესის მქონე პირები გულის დაავადებების ჩამოყალიბების რისკის წინაშე არიან, ამიტომ თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ, სჯობს, ამოძრავდეთ.
სულაც არაა აუცილებელი, რომ ყოველდღე რთული ვარჯიშები გააკეთოთ. საკმარისია, კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში მსუბუქ ან საშუალო სირთულის ფიზიკურ აქტივობას 30 წუთი დაუთმოთ. შეგიძლიათ, ამას ველოსიპედით სიარული, სეირნობა, ცურვა ან რომელიმე სპორტის სახეობაში ვარჯიშიც დაუმატოთ.
ასევე, კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ რუტინაში მცირე ცვლილებებს შეიტანთ, მაგალითად, მუშაობის პროცესში ხშირად წამოდგებით და ამოძრავდებით, თუნდაც ტელეფონზე საუბრისას. თუ ძაღლი გყავთ, მასთან ერთად ისეირნეთ და ლიფტის ნაცვლად კიბეებით ისარგებლეთ.
იკვებეთ ჯანსაღად
გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ჯანსაღად იკვებოთ, რათა ორგანიზმი სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებითა თუ ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის შეგიძლიათ, სხვადასხვა დიეტასაც მიმართოთ, მაგალითად გულისთვის კარგია ე.წ. DASH და ხმელთაშუა ზღვის დიეტა.
ორივე მათგანი ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის ჩართვას გულისხმობს, ასევე, თევზის, მთლიანი მარცვლეულის, თხილეულისა და ისეთი ჯანსაღი ცხიმების, როგორიც ზეითუნის ზეთია. უნდა მოერიდოთ მარილს, გადამუშავებულ საკვებსა და შაქარს.
აკონტროლეთ წონა
ზედმეტი წონა გულისთვის საზიანოა, თუმცა ის არც სხვა ორგანოებს არგებს. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მუცლის არეში დაგროვებული ცხიმი, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს. ამ პრობლემის მოგვარებაში ისევ და ისევ ჯანსაღი კვება და ვარჯიში დაგეხმარებათ, რითაც გულის დაავადებების რისკს შეამცირებთ.
თუ წინა ორ პუნქტს შეასრულებთ, ზედმეტ კილოგრამებს ძალიან მარტივად დაიკლებთ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური აქტიურობისას ცხიმის წვის პარალელურად კუნთის მასაც იმატებს, ამიტომ წონის სხვაობა შესაძლოა, მოსალოდნელზე ნაკლები იყოს.
შეამცირეთ სტრესი
სტრესისგან დაზღვეული არავინაა. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას, არამედ ფიზიკურსაც. გულზე სტრესი განსაკუთრებულად უარყოფით გავლენას ახდენს, დაახლოებით ისეთს, როგორსაც მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და არაჯანსაღი საკვების მიღება.
რა თქმა უნდა, ყველა სახის სტრესი საზიანო არაა და ზოგჯერ ორგანიზმს გამოფხიზლებაშიც ეხმარება. ამის მიუხედავად, ის ცუდ განწყობასთან და ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება, რა დროსაც სხეულში სტრესის ჰორმონები გამოიყოფა.
ამისგან თავის დასაცავად და სტრესისგან გასათავისუფლებლად ეფექტიანია იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ფსიქოთერაპია და ა.შ. დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტულ, მხარდამჭერ და მზრუნველ გარემოცვასაც.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები