ინსულტის 9 გავრცელებული სიმპტომი ქალებში
ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევაა, რის შედეგადაც ამ ორგანოს ქსოვილი ზიანდება. ის ხშირია როგორც კაცებში, ასევე ქალებში და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია ფატალური შემთხვევებიც.
ინსულტის მიმართ ქალები უფრო მოწყვლადები არიან, რაშიც ჰორმონებია "დამნაშავე", კერძოდ, ესტროგენი, რომელიც სისხლძარღვების ელასტიკურობასა და ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას. ეს იქ შენადედებისა და არტერიული განშრევების წარმოქმნის რისკს ზრდის.
მნიშვნელოვანია, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ინსულტის სიმპტომები შეიძლება სულ სხვაგვარი იყოს, ვიდრე კაცებში. ამ სტატიაში სწორედ ამ ნიშნების შესახებ გესაუბრებით.
1. სახის ცვლილება
ქალებში ინსულტის ერთი-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი სახის ცვლილებაა და მისი შემჩნევა ძნელი არაა. ამ დროს სახე შეშდება და სხეულის აღნიშნულ ნაწილში კუნთების ამოძრავება ჭირს, სიცილის დროს კი მხოლოდ პირის ერთი ნახევარი იცვლის ფორმას. როგორც წესი, ეს მარტივად შენიშვნადი პირველი ნიშანია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, მითუმეტეს თუ ამას სხვა საეჭვო ფაქტორებიც ემატება.
2. სისუსტე/სიტლანქე
მომდევნო სიმპტომი კიდურების სისუსტეა, რაც იმით ვლინდება, რომ ადამიანი ხელებს ან ფეხებს ტლანქად, მოუქნელად ამოძრავებს, რადგან მათი კონტროლი უჭირს და კოორდინაციის უნარს კარგავს. ეს ხშირად სხეულის ცალ მხარეს აღინიშნება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ზოგად სისუსტეში გამოიხატოს. უყურადღებობა არც მსგავს შემთხვევაში გმართებთ.
3. მეტყველების გაძნელება
ასევე, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება მეტყველების გაძნელებაა, რომელიც მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ინსულტი გაქვთ. ამ დროს გავრცელებულია სიტყვების არასწორად წარმოთქმა ან ლაპარაკის სრული შეუძლებლობა. მსგავს სიტუაციაში სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ.
4. გონების დაკარგვა
გონების დაკარგვა მრავალ მდგომარეობას ახასიათებს, მაგალითად, მოულოდნელად შეშინებას, სისხლის დაბალ წნევას, ორსულობას და ა.შ. მიზეზებს შორის ინსულტიცაა. როცა ტვინში სისხლის შედინებას რაღაც აბრკოლებს, ადამიანს გული მისდის. ეს სიმპტომი ნებისმიერ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს.
5. დაბნეულობა
ინსულტის დროს ქალებში ხშირია მოულოდნელი და საკმაოდ მკვეთრი პიროვნული თუ მენტალური ცვლილებები, რასაც სხვა განმაპირობებელი მიზეზი არ აქვს, როგორიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარებაა. შესაძლოა, უცბად ვერ მიხვდეთ, სად ხართ ან რა ხდება თქვენ გარშემო.
6. თავბრუსხვევა
ქალებში ინსულტის ერთ-ერთი ნიშანი თავბრუსხვევაა, რომელსაც გულისრევის შეგრძნება ახლავს ხოლმე თან. ის ნაკლებად ცნობილი სიმპტომია, რადგან მას ზოგჯერ სულ სხვა ფაქტორებს მიაწერენ ხოლმე, როგორიც გრიპი და საკვებით მოწამვლაა. იმის გასაგებად, თუ რეალურად რასთან გაქვთ საქმე, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ.
7. ეპილეფსიური შეტევა
ინსულტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის იმითაა განსაკუთრებით საშიში და მომაკვდინებელი, რომ ტვინს ძალიან სწრაფად აზიანებს. ამის სავარაუდო ნიშანი სწორედ ეპილეფსიური შეტევაა, რომლის გამოვლენისთანავე, გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ, რათა საფრთხე დროულად აიცილოთ თავიდან.
8. თავის ტკივილი
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქრონიკული შაკიკი ინსულტისა და მისგან სიკვდილის რისკს 50 პროცენტამდე ზრდის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შაკიკი ქალებში საკმაოდ გავრცელებულია, ანუ მათში ინსულტის საფრთხე გაზრდილია. შესაბამისად, თავის ძლიერი ტკივილი საყურადღებო სიმპტომია.
9. გაუთავებელი სლოკინი
სლოკინი უმეტესწილად სახალისო რამაა, რაც ბევრ ჩვენგანს "საყვარლად" ეჩვენება. ის მართლაც უვნებელია, მაგრამ გააჩნია, რამდენ ხანს გრძელდება. თუ სლოკინი დიდხანს გაწუხებთ და მას ვერაფრით წყვეტთ, შესაძლოა, ეს ინსულტზე მიუთითებდეს, რასაც გამოცემაში Journal of Neurology and Neurophysiology გამოქვეყნებული ნაშრომიც ცხადყოფს.
გახსოვდეთ, რომ ინსულტისას დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სტატიაში ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენისთანავე უნდა იმოქმედოთ და ექიმს დაუკავშირდეთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები