თვალების ქავილის 10 შესაძლო მიზეზი
ვისაც თვალების ქავილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია, ეცოდინება, რომ ეს საშინელი შეგრძნებაა, რადგან, კანისგან განსხვავებით, მათ დაზიანების საფრთხის გამო თამამად ვერ ვეხებით. ამ პრობლემის უკან რამდენიმე ფაქტორი დგას, უმთავრესად კი ის, რომ თვალები გარემოსთან მუდმივ შემხებლობაშია და ზოგჯერ მათი თავდაცვითი მექანიზმი სხვადასხვა გამღიზიანებლის მიმართ უძლურია.
წინამდებარე სტატიაში სწორედ თვალების ქავილის გამომწვევ 10 შესაძლო მიზეზს გაგაცნობთ.
1. სეზონური ალერგია
ხშირად სეზონური ალერგიის ერთ-ერთი სიმპტომი ჩვენს მხედველობის ორგანოს უკავშირდება. ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ მცენარეების მტვერი პირდაპირ თვალებში ხვდება და ალერგიულ რეაქციას განაპირობებს, თუმცა ისინი იმუნიტეტის ასეთი გამოღვიძებისას ისედაც წყლიანდება და თან ახლავს, მაგალითად ცემინებას ან ცხვირიდან გამონადენს.
2. კონტაქტური ლინზები
ერთი შეხედვით, კონტაქტური ლინზები უვნებელია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ისინი თვალის გაღიზიანებას იწვევს, რაც ქავილში გამოიხატება. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი უცხო სხეულების მიმართ მგრძნობიარეა. შესაბამისად, გირჩევთ, ოფთალმოლოგთან შემოწმებები გარკვეული პერიოდულობით გაიაროთ, ასევე დარწმუნდეთ, რომ ლინზები სწორად გერგებათ, გამრუდებული არაა და სუფთად ინახება.
3. კოსმეტიკური პროდუქტები
მრავალი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, რომელსაც თვალის მიმდებარედ ვისვამთ, იქნება ეს ჩრდილები, ტუში, ლაინერი თუ სხვა. იმის მიუხედავად, რომ მათში არსებულ ნივთიერებებსა და საღებავებს გუგასთან შეხება არ აქვს, შეიძლება შიგნით მოხვდეს და თვალის გაღიზიანებას შეუწყოს ხელი.
4. კონიუნქტივიტი
კონიუნქტივიტი, რომელსაც "ვარდისფერ თვალსაც" უწოდებენ, კონიუნქტივას ანთებითი პროცესია. ის ქუთუთოს შიდა საფარველი მემბრანა გახლავთ, რომლის გაღიზიანებაც შესაძლოა, ალერგიამ, ინფექციამ ან ნებისმიერმა სხვა მსგავსმა პრობლემამ განაპირობოს. შედეგად ვლინდება ქუთუთოების დასივება, თვალების გაწყლიანება, სიწითლე და ქავილი.
5. ვირუსული ინფექცია
ვირუსული ინფექცია ადამიანებისთვის უცხო არაა, იქნება ეს გრიპი, COVID-19 თუ სხვა. მაღალი ტემპერატურის, ხველებისა და ცხვირიდან გამონადენის გარდა, ხშირად ამ დროს ადამიანს თვალებთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებს, მათ შორის ქავილი, სინათლის მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობა, ტკივილი და ა.შ.
6. თვალების სიმშრალე
თვალების სიმშრალე მაშინ ვლინდება, როცა საკმარისი რაოდენობისა და სათანადო ხარისხის ცრემლები არ წარმოიქმნება, ანუ მხედველობის ორგანო ისე ვერ ტენიანდება, როგორც მისი სიჯანსაღისთვისაა საჭირო. შედეგად ადამიანებს თვალების წვა, ქავილი და სიწითლე უვითარდებათ, რადგან ისინი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება.
7. ქუთუთოს ინფექცია
ბლეფარიტი ქუთუთოს კიდეების ანთებაა, რომელიც, როგორც წესი, ორივე თვალზე ვლინდება. ეს მაშინ ხდება, როცა წამწამების მახლობლად მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლები რაიმე სახის ნადების გამო იბლოკება, რაც ამ არეალში კანის ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს. ბლეფარიტის სიმპტომებს შორისაა თვალების ქავილი, სიწითლე და გაღიზიანება.
8. ასთენოპია
ასთენოპია არის მდგომარეობა, რომელიც მხედველობის გადაღლასთან ან დაძაბვასთანაა გაიგივებული. ის ხშირად თვალების სიმშრალეს უკავშირდება და მაშინ იჩენს თავს, როცა კომპიუტერის მონიტორსა თუ სმარტფონის ეკრანს დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებთ, ან ავტომობილს რამდენიმე საათი ვმართავთ.
9. პარაზიტები ქუთუთოში
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ქუთუთოებში შესაძლოა, პარაზიტი მოხვდეს, რომელსაც Demodex folliculorum ეწოდება. ეს მიკროსკოპული არსებები ცხიმითა და კანის უჯრედებით იკვებებიან, რაც ქავილს იწვევს. მათ მოსაშორებლად ანტიბიოტიკებს, სტეროიდულ წვეთებსა და სპეციალურ კრემებს იყენებენ.
10. უცხო სხეული თვალში
ხშირად ქავილის მიზეზი თვალში უცხო სხეულის ჩავარდნაა, რაც ცხოვრებაში ერთხელ, ალბათ, ყველა ჩვენგანს დამართვია, მაგალითად, ქარიან ამინდში, როცა ჰაერში მტვერი ტრიალებს. დამეთანხმებით, ეს საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ წყლის დახმარებით მისი მოშორება შესაძლებელია.
თვალების ქავილის შესამსუბუქებლად და გასაქრობად ცივი კომპრესები, ურეცეპტო დამატენიანებელი ან ანტიჰისტამინური წვეთები და სხვა საშუალებები გამოიყენება. გირჩევთ, მსგავსი სიმპტომის აღმოჩენისას ექიმს მიმართოთ, რომელიც პრობლემას გამოავლენს და მის მოსაგვარებლად სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები