შეერთებულ შტატებში Huawei-სა და ZTE-ის პროდუქტების იმპორტი და გაყიდვა იკრძალება
გადაწყვეტილების მიხედვით, იზღუდება სათვალთვალო ტექნოლოგიების სპეციალური ნებართვის გარეშე შემოტანა და გაყიდვაც
შეერთებულ შტატებში "ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხისშემცველობის" მიზეზით Huawei-სა და ZTE-ის ახალი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გაყიდვა და იმპორტი აიკრძალა.
გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი რეგულაციები ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ (FCC) დაამტკიცა.
"დღეს ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა ჩვენი ქსელებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ჩვენი გამჭვირვალე გადაწყვეტილება კომისიის ისტორიაში პირველია, როცა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზეზით შევზღუდეთ ახალი მოწყობილობების ავტორიზაცია". — განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ბრენდან კარმა
გადაწყვეტილების მიხედვით იზღუდება ტექნოლოგიების ჩინური მწარმოებლის Hytera Communications Corp. Ltd.-ისა და სათვალთვალო ტექნოლოგიების კომპანიების –Hikvision Digital Technology Co. Ltd.-ისა და Dahua Technology Co.-ს პროდუქტის იმპორტი და გაყიდვა.
"მე 2021 წელს კომისიას მოვუწოდე, რომ Huawei-ის პრობლემის წინააღმდეგ ზომებისთვის მიემართა, რადგან კომპანიის პროდუქციის შეერთებულ შტატებში ყოფნა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი იყო. შედეგად, ამიერიდან Huawei-ისა და ZTE-ის ტექნოლოგიების შემოტანა და გაყიდვა შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, Dahua-ს, Hikvision-სა და Hytera-ს დასჭირდებათ კომუნიკაციების კომისიისათვის იმის დამტკიცება, რომ მათ მოწყობილობებს არ გამოიყენებენ ისეთ სენსიტიურ სექტორებში, როგორიც სახელმწიფო დაწესებულებების უსაფრთხოება და საჯარო უსაფრთხოებაა. — განაცხადა კარმა
Hikvision-ის თქმით, აშშ-ს საფრთხე არ ემუქრება
Huawei-ის, ZTE-ს, Dahua-ს, Hytera-სა და ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება Hikvision-ს, კომპანიამ განაცხადა, რომ ამერიკას მისი პროდუქტები არანაირი რისკის ქვეშ არ აყენებს.
"ფედერალური კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ეროვული უსაფრთხოების დაცვისათვის არაფერს აკეთებს. მეტიც, ის საკუთრებისა და საკუთარი თავის დაცვას მცირე ბიზნესებს, სკოლებსა და კერძო მომხმარებლებს უფრო გაუძვირებს. ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლების რეგულაციებთან შესაბამისად მომსახურებას". — განაცხადა Hikvision-მა
ახალი წესები
2021 წლის მარტში ხუთი ჩინური ფირმა "ფარულ სიაში" შეიყვანეს, რომლის მიხედვითაც, ისინი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისათვის რისკს შეიცავდნენ. ეს კომპანიებია Huawei, ZTE, Hytera Communications Corp., Hikvision და Dahua.
2021 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ფიქრობდა ხსენებული ფირმების ყველა მოწყობილობის ავტორიზაციის აკრძალვაზე.
"ეს ახალი წესები ამერიკელი ხალხის ტელეკომუნიკაციებისაგან მომავალი საფრთხეებისგან დაცვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია", — განაცხადა FCC-ის წევრმა ჯესიკა როზენვორსელმა
გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს მხარი სააგენტოს ოთხივე კომისარმა დაუჭირა.
კომენტარები