ერთი შეხედვით, კავშირი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობასა და კლიმატის ცვლილებს შორის, აშკარაა. რაც მეტი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, მით მეტია კოლექტიური გავლენა, რომელსაც კლიმატი განიცდის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდი ადამიანი 2022 წლის 15 ნოემბერს გახდა.

ქვის ხანა

ადამიანის ევოლუციის დიდი ნაწილის განმავლობაში, ჩვენი წინაპრები დიდ კლიმატურ ცვლილებებს შორის ცხოვრობდნენ. ერთმანეთს გამყინვარების პერიოდები და მათ შორის არსებული დათბობები ანაცვლებდა. უკანასკნელი გამყინვარება დაახლოებით 10 000 წლის წინ დასრულდა.

სანამ ყინულის ფენები დადნებოდა, ზღვის დონე 120 მეტრით დაბალი იყო, ვიდრე დღეს არის. ეს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მიგრაციის საშუალებას აძლევდა. ყველგან, სადაც მივიდნენ, ჩვენმა წინაპრებმა ლანდშაფტი შეცვალეს, პირველ რიგში, ტყეების გაჩეხვით, შემდეგ კი ადრეული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად გაჩნდა ბოლო გამყივნარების დასრულებიდან მალევე.

პალეოკლიმატოლოგ უილიამ რუდიმანის აზრით, ამ ადრეულმა ქმედებებმა, ხეების მოჭრამ და მეურნეობის განვითარებამ, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის თავდაპირველი ზრდა გამოიწვია, რამაც კლიმატის დასტაბილურებას ხელი შეუწყო და გამყინვარების გამომწვევი ფაქტორები შეასუსტა.

ლანდშაფტის შეცვლით, ჩვენმა წინაპრებმა გარემო მოირგეს. ეს პროცესი ევოლუციური ცვლილების მნიშნველოვანი ასპექტია, ქმნის რა განვითარებად სახეობებსა და გარემოს შორის კავშირის მნიშვნელოვან დინამიკას.

ადამიანის განვითარებამ, გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნამ, ენერგიის გამოყენებამ შექმნა უკუკავშირის ციკლი, რომელსაც მეცნიერები ანთროპოცენის ძრავას უწოდებენ. ამ ძრავამ პლანეტა შეცვალა.

ანთროპოცენის ძრავის გაძლიერება

ანთროპოცენის ძრავა, სულ მცირე, 8 000 წელია მუშაობს. მისი საშუალებით შეიქმნა თანამედროვე ცივილიზაციები და, საბოლოოდ, ეკოლოგიური გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, მათ შორის, კლიმატის ცვლილება. თუმცა ეს უკანასკნელი ადამიანის აქტივობის გამო დაჩქარებულია.

ასევე იხილეთ: სამეცნიერო კვლევების 99.9% მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის მიერაა გამოწვეული

როგორ მუშაობს ანთროპოცენის ძრავა?

პირველ რიგში, პოპულაციებმა უნდა მიაღწიონ წევრების კრიტიკულ რაოდენობას, რათა მათი გარემოს შესახებ ცოდნა წარმატებით შექმნან. ამის გარეშე გარემოს მორგებისა და ტრანსფორმაციის პროცესი ვერ დაიწყება.

წარმატებული სასოფლო-სამეურნეო აქტივობა სწორედ მსგავსი ცოდნის პროდუქტია. ბუნებრივია, მეურნეობის ეფექტიანობის ზრდამ ადრეულ საზოგადოებებში ენერგიის დიდი რაოდენობა გამოათავისუფლა.

რაც მეტია თავისუფალი ენერგია, მით მეტია ადამიანი. ასე ჩამოყალიბდა ადრეული დასახლებები, შემდეგ კი – ქალაქები. პროცესი მივიდა სამუშაოს სპეციალიზაციამდე, შრომის განაწილებამდე, რამაც, მეტი ცოდნის შექმნა დააჩქარა. მეტმა ცოდნამ მეტი ენერგია გამოათავისუფლა, გამოთავისუფლებულმა ენერგიამ კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი. ეს ციკლური პროცესი დღემდე ასე გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოცენის ძრავა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარად მუშაობს, პრინციპი ყველგან ერთნაირია.

სწრაფი ზრდის პრობლემა

ევოლუციური ბიოლოგი და მეცნიერების ისტორიკოსი მანფრედ ლაუბიხლერი ცოდნის ევოლუციასა და კომპლექსურობას ოცდაათ წელიწადზე მეტი ხანია იკვლევს და კოლეგებთან ერთად ამ პროცესების ამხსნელ მათემატიკურ მოდელებს ქმნის. ანთროპოცენის ძრავის უნივერსალური პრინციპის დახმარებით, შეიძლება აიხსნას დინამიკა, რომელიც მოსახლეობის ზრდასა და მეტი ენერგიის მოხმარებას შორის კავშირსაც მოიცავს.

დინამიკურ სისტემებში პოზიტიური უკუკავშირის შედეგს სწორედ მოსახლეობის სწრაფი ზრდა წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად, შესაძლოა, ძალიან ნელა დაიწყოს და ვერ ვამჩნევდეთ, თუმცა საბოლოოდ ის მაინც გააჩენს მნიშვნელოვან პრობლემებს შეზღუდული რესურსების პირობებში.

ანთროპოცენის ძრავის გავლენით, პოპულაციები გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდნენ, ცალკეული საზოგადოებები კი, გასული 8000 წლის განმავლობაში, განადგურებამდეც მივიდნენ. მაგალითად, აღდგომის კუნძულის მოსახლოების გაქრობა და მაიას იმპერიის ნგრევა დაკავშირებული იყო სწრაფი ზრდის პირობებში გარემოს რესურსების ამოწურვასთან. მე-14 საუკუნეში ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურება სწორედ ზედმეტად სწრაფი ზრდის შედეგი იყო: სიმჭიდროვე და საცხოვრებელი პირობების ანტისანიტარია გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ Yersenia pestis, იგივე "შავი ჭირი" გავრცელდა.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ბიოლოგმა პაულ ერლიხმა თავის 1968 წლის წიგნში გაზრდილი გლობალური მოთხოვნების გამო საზოგადოებრივი კოლაფსი იწინასწარმეტყველა. ნაშრომის მიხედვით, უკონტროლო ზრდის პირობებში, თუ ადამიანი კონკრეტული რესურსების გამოყენებაში ცვლილებებს არ შეიტანს, ეს აუცილებლად მოხდება.

მიუხედავად ამისა, გლობალურად კაცობრიობამ კატასტროფის არიდება ყოველ ჯერზე შეძლო. ცოდნაზე დამყარებულმა ინოვაციებმა, როგორიც, მაგალითად, მწვანე რევოლუცია იყო, "აპოკალიფსის საათი" გადაწია, შესაბამისად, ინოვაციის მეტი ციკლი (და მეტი კლიმატური პრობლემა) მოიტანა.

წიაღისეულმა საწვავმა ინდუსტრიული რევოლუცია შექმნა, რისი შედეგიც სიმდიდრის ზრდა და, რაც ყველაზე მთავარია, მედიცინის განვითარება იყო. შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ბნელი მხარეც საკმაოდ დიდი ჰქონდა: ამ პერიოდში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია გაორმაგდა. სწორედ ამ კონცენტრაციასთანაა დაკავშირებული გლობალური დათბობის უპრეცედენტო ტემპი, რომელსაც კაცობრიობა დღეს განიცდის.

პარალელურად, უთანასწორობამ კრიტიკულ მაქსიმუმს მიაღწია. ღარიბი ქვეყნები, რომლებმაც კლიმატის ცვლილებაზე ყველაზე ნაკლებად იმოქმედეს, მისი შედეგებისგან ყველაზე მეტად იტანჯებიან, როცა მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანაზე ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევის 80% მოდის.

ერლიხის ნაწინასწარმეტყველები კოლაფსის თავიდან არიდებას განვითარებული ქვეყნები ამჯერად განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების შექმნით ცდილობენ, როგორიც ქარისა და მზის ენერგიაა. მიუხედავად ამისა, კვლევები (მათ შორის გაეროს კლიმატის ცვლილების 2022 წლის ნოემბრის კონფერენციის წინ გამოქვეყნებული) გვიჩვენებს, რომ სისწრაფე, რომლითაც ეს ტექნოლოგიები ვითარდება, არ არის საკმარისი ვითარების დასარეგულირებლად.

ცოდნის გამოყენება ციკლის თავიდან დასაწყებად

ყველა სახეობა, თუ არაფერი შეუშლის ხელს, სწრაფად გაიზრდება. ამას დედამიწაზე უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმი აკონტროლებს. სახეობების უმრავლესობას უკონტროლო გამრავლების საშუალებას მტაცებლები, ან არასაკმარისი საკვები არ აძლევენ.

ანთროპოცენის ძრავამ საშუალება მისცა ადამიანს, რომ გათავისუფლებულიყო უარყოფითი მექანიზმის, ბუნებრივი გადარჩევის, მრავალი გამოვლინებისგან. ჩვენ შევძელით საკვების წარმოების გაზრდა, რეგიონებს შორის სავაჭრო ჯაჭვების შექმნა და მედიცინის განვითარება, რათა ადამიანის სიცოცხლეს რაც შეიძლება ნაკლები საფრთხე დამუქრებოდა.

სანამდე მიიყვანს ეს კაცობრიობას? ვართ თუ არა ჩვენ მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ლოგიკურ შედეგთან, გარდაუვალ კოლაფსთან, ახლოს? შევძლებთ თუ არა ინოვაციების მიგნებას, რომელიც საათის კიდევ ერთხელ გადაწევაში დაგვეხმარება?

კაცობრიობას ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ცოდნის გამოყენება კიდევ ერთხელ მოუწევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.