თაგვებმა ლედი გაგას სიმღერას თავი ააყოლეს — ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, თაგვებსაც ისეთივე რიტმის შეგრძნება აქვთ, როგორიც ადამიანებს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვები მუსიკის მოსმენისას, ადამიანების მსგავსად, თავს რიტმს აყოლებენ.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა 10 ვირთხას დაუმონტაჟეს უკაბელო აქსელერომეტრები, რომლებსაც შეეძლო თავის ოდნავი მოძრაობის ამოცნობაც კი და აკვირდებოდა თაგვებს რამდენიმე მუსიკის დაკვრის დროს.
მუსიკა მოიცავდა ლედი გაგას Born This Way-ის, Queen-ის Another One Bites the Dust-ს, მოცარტის ფორტეპიანოს სონატას, მაიკლ ჯექსონის Beat It-სა და Maroon 5-ის Sugar-ს.
სიმღერების ერთწუთიანი მონაკვეთები დაუკრეს ოთხი განსხვავებული სიჩქარით და იგივე გაიმეორეს ადამიანებზეც.
შედეგებმა აჩვენა, რომ ვირთხებს ჰქონდათ რიტმთან საუკეთესო სინქრონიზაცია წუთში 120-140 დარტყმის დიაპაზონში და რომ ვირთხები და ადამიანები რიტმს ანალოგიურად აყოლებდნენ თავს.
აღსანიშნავია, რომ რიტმის შეგრძნების უნარი აქამდე მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებლად მიიჩნეოდა.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიროკაზუ ტაკაჰაშიმ აღნიშნა: "ჩვენი ცოდნით, ეს არის პირველი შემთხვევა ცხოველებში თანდაყოლილი რიტმის სინქრონიზაციის შესახებ, რომელიც არ მიგვიღწევია ვარჯიშის ან მუსიკალური ექსპოზიციის გზით".
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის დასადგენად, იქნებოდა თუ არა ოპტიმალური რიტმი პატარა ცხოველებისთვის, როგორიცაა ვირთხები, ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე ადამიანებისთვის. ამგვარი შედეგი დაუკავშირდებოდა ფიზიკურ ფაქტორებს, როგორებიცაა: მათი გულისცემა და სხეულის ზომა. ასევე, აინტერესებდათ, იქნებოდა თუ არა შედეგები დაკავშირებული ტვინის დროის მუდმივასთან, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ყველა სახეობაზე მსგავსი შედეგი დაფიქსირდებოდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ვირთხები უპირატესობას ანიჭებდნენ 120 დარტყმას წუთში, ისევე როგორც ადამიანები, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რიტმის სინქრონიზაციის საუკეთესო ტემპი დამოკიდებულია ტვინის დროის მუდმივაზე.
კომენტარები