4 დაღესტნელი ქალი ოჯახში ძალადობის გამო საქართველოში გამოიქცა
4 დაღესტნელი ქალი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ოჯახში ძალადობისა და სასიკვდილო მუქარების მსხვერპლი არიან, გადმოვიდნენ საქართველოში, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი დღით შეაყოვნეს რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე.
NC SOS Crisis Group-მა, რომელიც ქვიარების უფლებადამცველი ორგანიზაციაა ჩრდილოეთ კავკასიაში, OC Media-ს დაუდასტურა, რომ 4 ქალს კვირა საღამოს საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცა.
20 და 18 წლის დები, ხაჯიდათ და პატიმატ ხიზრიევები, 24 წლის ამინა გაზიმაგომედოვა და მისი ახლო ნათესავი, 19 წლის პატიმატ მაგომედოვა შაბათს გამოიქცნენ დაღესტნიდან.
NC SOS-მა განაცხადა, რომ ქალები განიცდიდნენ ფიზიკურ ძალადობას ნათესავებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მათგან "რელიგიურ მორჩილებას" მოითხოვდნენ. გარდა ამისა, მათ ბავშვობაში ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრებაც გადაიტანეს.
NC SOS-ის პრესმდივანმა, ალექსანდრე მიროშნიკოვამ, განაცხადა, რომ გოგოები შაბათ საღამოს საათობით შეაყოვნეს ზემო ლარსის საგუშაგოზე, სანამ კვირას, საბოლოოდ მისცეს რუსეთის დატოვების უფლება.
რუსმა მესაზღვრეებმა ისინი საჯაროობისა და დიდი საზოგადოებრივი ზეწოლის წყალობით გაუშვეს, განუცხადა OC Media-ს მიროშნიკოვამ:
"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საჯაროობამ და ზრუნვამ სიცოცხლე გადაარჩინოს".
ადვოკატირების ჯგუფმა რუსულ საგუშაგოზე ადვოკატი გააგზავნა, რომ ხელი შეეშალა ხელისუფლებისთვის, მსხვერპლების უკან დაღესტანში დაბრუნებაში. მოგვიანებით, კი 4 ქალის საერთო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ისინი თავიანთ მდგომარეობას განმარტავდნენ.
"გთხოვთ, ჩემს ნათესავებს არ გადამცეთ, რადგან ისინი უკვე მეძებენ მოსაკლავად", —ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი გოგო.
NC SOS-მა განმარტა, რომ რუსეთის სასაზღვრო ხელისუფლებამ მოიფიქრა რამდენიმე მიზეზი მათ შესაკავებლად და დასძინა, რომ ადგილობრივი დაღესტნელი ადამიანის უფლებადამცველი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცდილობდა ხელი შეეშალა ქალებისთვის საზღვრის კვეთაში, იმ მიზეზით, რომ ისინი ქურდობისთვის იძებნებოდნენ.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე, NC SOS-მა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველეყოთ მათი უსაფრთხო გასვლა ქართული საზღვრიდან და გააფრთხილა ისინი, რომ გოგოების ნათესავებმა მათ დასახვედრად საქართველოში ნათესავები გამოგზავნეს.
4 გოგო დაღესტნიდან რუსეთის სხვა რეგიონში მას შემდეგ გაიქცა, რაც ჯგუფიდან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის გახდა. NC SOS-ის ცნობით, ახალგაზრდა ქალებმა გადაწყვიტეს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი გარიგებით ქორწინებაში ჩაითრიეს.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ქალების საქართველოში გადმოსვლის შესახებ, აინა გაზმატოვამ, გამოჩენილმა დაღესტნელმა ჟურნალისტმა და რესპუბლიკის მუფთის ცოლმა, მოუწოდა მათ დაბრუნებულიყვნენ და გაფრთხილა, რომ "საზღვარგარეთ მძიმე ცხოვრება ელოდათ".
"თუ ცოტათი მაინც ნანობთ მომხდარს, დაღესტანში დაბრუნდით".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები