"გასული წლის სექტემბერში მეგობარმა მითხრა, რომ ქართული ოცნება რუსთავის ახალგაზრდული ფრთისათვის კადრებს ეძებდა და გადავწყვიტე, დავრეგისტრირებულიყავი.

ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, რადგან სკოლას ვამთავრებდი და შემეძლო, მივსულიყავი და წამოვსულიყავი, როცა მომინდებოდა. მინდოდა, უბრალოდ რაიმე მეკეთებინა და ვიფიქრე, რაიმე ახალს ვისწავლიდი, გამოცდილებას შევიძენდი და თვეში 300-400 ლარსაც ავიღებდი.

როცა მუშაობა დავიწყე (2022 წლის იანვარში), სულ სხვა რეალობა დამხვდა. მომდევნო თვეებში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. იმ სამი თვის მანძილზე, როცა ქართული ოცნებისთვის ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველაფერი მოგვატყუეს.

ოპოზიციის დატროლვა

როცა ოფისში მივედი, პირველი, რამაც გამაკვირვა, ახალი კოლეგები იყვნენ. ვფიქრობდი, რაკი მმართველი პარტიისთვის უნდა გვემუშავა, ადგილზე ჩემზე დიდები დამხვდებოდნენ და საქმეც სერიოზული იქნებოდა. მისვლისას აღმოვაჩინე, რომ გუნდი უმეტესად ჩემხელა გოგოებისგან შედგებოდა, ყველა ლამაზი და თავაზიანი იყო. ჩვენი დავალება იყო, რუსთავში ჩანიშნული არჩევნების წინ ქართული ოცნებისათვის ხმები მოგვეგროვებინა, ამისთვის კი საკმაოდ უცნაური გზებისთვის უნდა მიგვემართა.

ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი რუსთავში კამპანიის სათავო ოფისის გახსნაზე 2022 წლის თებერვალში

ფოტო: ქართული ოცნება

პირველ დღეს პრაქტიკულად არავის მოუქცევია ყურადღება — არც რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელებს და არც თბილისიდან ჩამოსულ პარტიის წარმომადგენლებს. გაგვეცვნენ და გვითხრეს, ვინ იყვნენ, მაგრამ ჩვენთან ინტერაქციაში არ შემოსულან.

ჯგუფებად დაგვყვეს. თითოეულ ჯგუფს თავისი ლიდერი ჰყავდა; ჩვენსას ლაზარე ერქვა. რადგან სულ გოგოები ვიყავით, ლიდერმა "ლაზარეს ანგელოზები" დაგვარქვა. ასე ერქვა ჩვენი გუნდის ჩათსაც.

თავიდან გვითხრეს, რომ სოციალურ მედიაზე უნდა გვემუშავა: ყალბი ანგარიშები არ შეგვიქმნია, ყველაფერს ჩვენი მესენჯერით და ანგარიშებით ვწერდით.

ჯერ კომენტარებით დავიწყეთ, მაგალითად, გვთხოვდნენ, ქართული ოცნების მხარდამჭერი სტატუსების ქვეშ ლურჯი გულები დაგვეხატა, პოსტები მოგვეწონებინა, ჰეშგეტები დაგვეწერა, კანდიდატებისათვის წარმატება გვესურვებინა, პოსტები ჩვენს გვერდებზე გადაგვეზიარებინა და ასე შემდეგ — ისეთი სურათი უნდა შეგვექმნა, თითქოს ეს ერთგვარი ახალგაზრდული ფლეშმობი იყო.

ასევე, ოპოზიციისთვისაც უნდა დაგვეცინა. ჩვენს ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის პოსტებზე "haha"-ს დაწერა და დამცინავი კომენტარების დატოვება დაევალა.

ჯგუფის ყველა წევრმა მაშინვე შეასრულა ლაზარეს დავალება, მაგრამ მე უარი ვთქვი. აღვნიშნე, რომ ეს ჩვენს მოვალეობაში არ შედიოდა.

ლაზარეს კომენტარების დატოვება არ დაუძალებია და არც პირდაპირ უთქვამს რამე, მაგრამ გაცოფებული იყო. აინტერესებდა, რაში იყო პრობლემა — რატომ ვერ დავწერდი ჰაჰა რეაქციას მიშას პოსტის ქვეშ?! მაგრამ უბრალოდ ვიცოდი, რომ ამას ვერ ვიზამდი. როგორ უნდა დამეცინა ადამიანისათვის? მით უმეტეს, სხვისი ბრძანებით.

ნადირობა მეგობრების, ოჯახის წევრებისა და მეზობლების ხმებზე

სოციალურ მედიაში მუშაობის გარდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხმების მობილიზება იყო — როგორც უცნობებისგან, ასევე ოჯახისა და მეგობრებისაგან.

მახსოვს, რომ დაგვავალეს, ისეთი 30 ახლობლის მონაცემები შეგვეგროვებინა, რომლებიც დანამდვილებით ქართულ ოცნებას მისცემდნენ ხმას.

წლის დასაწყისში ქართული ოცნების წარმომადგენლები კორპუსებში კარდაკარ დადიოდნენ და მაცხოვრებლებს ეკითხებოდნენ, ვის ირჩევდნენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ტაქტიკა არ ამართლებდა და გადაწყვიტეს, ჩვენთან ერთად რაღაც ახალი ეცადათ.

გვითხრეს, რომ თუ ორ კვირაში 30 ადამიანის მონაცემებს მოვიტანდით, რომლებიც დანამდვილებით აძლევდნენ ქართულ ოცნებას ხმას, ფულს გადაგვიხდიდნენ. უნდა ჩაგვეწერა მათი სახელები, გვარები, მისამართები, პირადობისა და ტელეფონის ნომრები.

ნათესავებს ვთხოვე, ფორმა შეევსოთ, მაგრამ გაეცინათ და მითხრეს, რომ ქართულ ოცნებას არ აძლევდნენ ხმას. სხვა გოგოებმა ფურცლები უცნობების ან გამოგონილი ადამიანების მონაცემებით შეავსეს.

შემდეგ ეს სიები ჩვენ და სხვა გუნდებს დაგვირიგეს და დაგვავალეს, ყველაფერი სისტემაში შეგვეყვანა. ამ სამდღიან სამუშაოში ₾50-ს დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენს ჯგუფში არავისთვის გადაუხდიათ. სხვა ჯგუფს გადაუხადეს, თუმცა ამის შესახებ შემთხვევით მეგობრებისაგან შევიტყვეთ.

ერთი დღე ამავე შენობაში განლაგებულ ქოლცენტრშიც ვმუშაობდით: რუსთავის მაცხოვრებლებს ვურეკავდით და ვეკითხებოდით, ვის მისცეს ხმა. ზოგი მშვიდად გვპასუხობდა, სხვები ბრაზდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო.

ხანდახან ოფისში სკოლის მასწავლებლებიც მოჰყავდათ და "ახალ პროექტებზე" ესაუბრებოდნენ. შეხვედრების შინაარსი არ ვიცი. ერთხელ მასწავლებლები მეორე სართულზე აიყვანეს და როცა იქ სამუშაოდ ავედით, თანამშრომლებმა ძალიან უხეშად გვაიძულეს, სასწრაფოდ ჩავსულიყავით ქვემოთ. გვითხრეს, აქ ყოფნის უფლება არ გაქვთო.

საბოლოოდ, შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა 90.61%-ით გაიმარჯვა.

შეუსრულებელი დაპირებები და გაუცემელი ხელფასები

უმეტესად უბრალოდ სათვალთვალო კამერების ქვეშ ვისხედით. ჩვენი გუნდის ლიდერს უნდოდა უფროსისთვის დაემტკიცებინა, რომ ახალგაზრდები საარჩევნო კამპანიაში წარმატებით ჩართო.

თუმცა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რეალურად ვმუშაობდით თუ არა. გვპირდებოდნენ, რომ საინტერესო აქტივობებს მოგვიფიქრებდნენ, საბოლოოდ კი უბრალოდ ოთახში ვისხედით საქმის გარეშე. უფლება მოგვცეს, ტელეფონები გვესქროლა, მაგრამ ყოველდღე უნდა მივსულიყავით. ეს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა იყო.

ჯგუფში 28 გოგო ვიყავით და ლიდერმა გვითხრა, რომ მინიმუმ 14 მაინც ყოველდღე უნდა გამოვცხადებულიყავით.

ხშირად იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი სახლში. მოლოდინი მქონდა, იქნებ ეს დღე მაინც იყოს განსხვავებული-მეთქი. მეგონა, რომ რაიმე სასარგებლოს გაგვაკეთებინებდნენ, ან დააფასებდნენ, რასაც ვაკეთებდით და როგორ. არ ვიცოდი, რომ წინ უარესი რამ მელოდა.

რუსთავი

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენი დროის ფლანგვაზე თვალს ვხუჭავდით, ცხადია, ხელფასი იყო. თვეში 300-400 ლარს დაგვპირდნენ, რაც პირველი სამსახურისთვის ცუდი არაა, განსაკუთრებით — რუსთავში.

ესეც ტყუილი აღმოჩნდა. სამ თვეში მხოლოდ 100 ლარი გადაგვიხადეს. ესეც ისე გაბრაზებულებმა მოგვიგდეს, გეგონება, დაპირებულზე ორჯერ მეტი ხელფასი მოვითხოვეთ.

ჩვენი გუნდის ლიდერი გაბრაზდა, რომ უკმაყოფილება გამოვთქვით და მოკლედ მოგვიჭრა, რომ მასაც ჰყავდა უფროსი და მისი ბრალი არ იყო, მაგრამ მეგობრებისგან და ქართულ ოცნებაზე მომუშავე სხვა ახალგაზრდული ჯგუფებიდან ვიცოდით, რომ სხვებს ₾300 გადაუხადეს. ჩვენ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ლიდერთან პატარა შელაპარაკება მომივიდა.

საბოლოოდ, ვერაფერი ვქენით. კონტრაქტი არ გვქონდა და დასაწყისში გვითხრეს, რაკი დამწყებები ხართ, ხელფასი მოგვიანებით იქნებაო. იმ დროს ეს პირობა მისაღები მეჩვენებოდა. მანამდე არსად მიმუშავია და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ დოკუმენტებს მნიშვნელობა აქვთ, როცა ყველა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.

თავს მოტყუებულად ვგრძნობდი, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი.

"გამოსამშვიდობებელი" მხრის გაკვრა

მარტში გადავწყვიტე, რომ დრო იყო, წამოვსულიყავი. არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდით. მეგობრებს მივწერე, ძალა მოვიკრიბე და ოფისში მივედი, რათა ლაზარესთვის მეთქვა, რომ მასთან მუშაობა აღარ მინდოდა.

როცა ლაზარესთვის შეხვედრის თაობაზე მიწერას ვაპირებდი, მისგან გაბრაზებული შეტყობინება მომივიდა: რა? სხვებს უთხარი, რომ მიდიხარ, მაგრამ ჩემთვის მოწერა არ გიფიქრია? ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა.

ავუხსენი, რომ ზუსტად ამ დროს ვაპირებდი მიწერას, რომ მხოლოდ რამდენიმე გოგოსთვის მქონდა ნათქვამი და ცოტა მეშინოდა. ამ საუბრით დასრულდა ჩემი მუშაობა ქართული ოცნებისათვის.

რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში მივედი, რომ მეგობრისთვის რაღაც გამომერთმია. როცა გავდიოდი, ლაზარე შემხვდა. აგდებულად შემომხედა და მკითხა, აქ რას აკეთებო, მერე კი ისე წავიდა, რომ პასუხს არც დალოდებია. წასვლისას მხარი გამკრა.

აი, ასე დასრულდა ჩემი მუშაობა ქართული ოცნების ოფისში — კონტრაქტის გარეშე, სამ თვეში აღებული 100 ლარით და უკანა გზაზე მხრის წაკვრით.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა.