ხელოვნური ინტელექტი თქვენს სიტყვებზე დაყრდნობით მუსიკას შექმნის — მუსიკოსებს სანერვიულო გაუჩნდათ
ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც სიტყვებზე დაყრდნობით მუსიკის შექმნა შეუძლია უკვე აქ არის და, როგორც ჩანს, ინდუსტრიაში პოზიციის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
"სტრიმერებიდან რეჟისორებამდე და აპლიკაციების შემქმნელებამდე — ჩვენ ყველა ადამიანისთვის გავამარტივეთ მაღალხარისხიანი, უფასო მუსიკის შექმნა", — ნათქვამია Mubert AI-ის საიტზე. ამ აპლიკაციას მომხმარებლის მიერ შეყვანილი მცირე ტექსტური მინიშნებებით მუსიკის შექმნა შეუძლია.
რა თქმა უნდა, კომპიუტერის მიერ გენერირებული მუსიკა ახალი საშუალება არ არის, მისი სხვადასხვა წარმომადგენელი ხელოვნური ინტელექტის განსხვავებული ფორმით ქმნის კონტენტს, რომელიც შეიძლება ძალიან ჰგავდეს ადამიანის შექმნილს, ან გვეუცხოვოს.
თუმცა ახალი თაობის მუსიკის გენერატორები, როგორებიც Mubert AI და Google-ის Audio LM არიან, სხვა ლიგას წარმოადგენენ. სხვებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან მუსიკოსთა ცხოვრების გასამარტივებლად შექმნილი სიახლეები, პირიქით, შესაძლოა მრავალი მათგანი უმუშევრადაც კი დატოვონ, გააქრონ რა ფულის გადახდის საჭიროება მუსიკის შექმნასა და საავტორო უფლებებში.
Mubert AI VS Google Audio LM
მიუხედავად იმისა, რომ ორივე პლატფორმა ძალიან კარგად ართმევს თავს ისეთი მუსიკის შექმნას, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილს ძალიან ჰგავს, მათი მოქმედების მექანიზმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
Mubert AI ქმნის მუსიკას, რომლის მსგავსიც შეიძლება, მაგალითად, ლიფტში მოისმინოთ. კომპანიის საიტის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი "გაწრთვნილია" 4000 შემსრულებელზე მეტის მიერ შექმნილი მილიონზე მეტი მუსიკალური ნაწარმოებით. საკუთარი მუსიკის შესაქმნელად მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ჟანრების კომბინაცია და განწყობა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ შეიქმნას უტექსტო მუსიკა, რომელიც ტიკტოკისა და რილებისათვის იდეალური ფონი იქნება.
რაც შეეხება Google-ის პროდუქტს, რომელიც Mubert AI-ზე უფროსია, ის შედარებით რთულია, რადგან კომპანია ტექსტისა და ვოკალის დახვეწაზეც მუშაობს. მომხმარებელი აწვდის Audio LM-ს ერთ ან რამდენიმე აუდიო ჩანაწერს და პროგრამა აგრძელებს მას იქიდან, სადაც მომხმარებელი შეჩერდა.
მუსიკოსთათვის სასიხარულოდ, Mubert AI აცხადებს, რომ პროცესის ნაწილი მუსიკოსები და პროდიუსერებიც არიან, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ სარგებელს იმ ნიმუშებისთვის, რომელსაც პლატფორმისთვის შექმნიან. თუმცა Google ამ პირობასაც არ დებს.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც კონტენტი წარმართავს, მისი შექმნის მსგავსი ინსტრუმენტები კი შემქმნელებს ცხოვრებას გაუმარტივებს.
თუმცა, რაც უფრო მივემართებით ხელოვნური ინტელექტის სამყაროსკენ, მით უფრო ჩნდება იმაზე დაფიქრების აუცილებლობა, ვის ან რას დავკარგავთ პროცესში.
კომენტარები