სომხეთის თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.
გრიგორიანმა ამ თემაზე სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მოქმედებების განრიგზე შეთანხმდნენ: "ასევე ვისაუბრეთ საზღვრების დადგენაზე".
გრიგორიანის თქმით, ხელშეკრულების მექანიზმები და დემარკაციის დეტალები ჯერ შეთანხმებული არაა.
"დღის წესრიგში რჩება აზერბაიჯანის ჯარების სრული გაყვანა სომხეთის ტერიტორიიდან", — დასძინა გრიგორიანმა.
"თუ შეთანხმებას მალე მივაღწევთ, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები ტექსტზე მუშაობას დაიწყებენ და ხელშეკრულებას ხელი წლის ბოლოსთვის მოეწერება", — თქვა ალიევმა, — "უნდა ვთქვა, რომ არც სომხურ და არც ევროკავშირის მხარეს ჩვენ მიერ გამოცხადებულ ხუთ პუნქტთან შეკითხვები არ აქვს".
ამ წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ხუთპუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, მათ შორის იყო ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ერთმანეთის მიმართ "ტერიტორიული პრეტენზიების" შეწყვეტა, "საერთაშორისო არენაზე ერთმანეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გაჟღერებული მუქარებისათვის" წერტილის დასმა, საზღვრების დადგენა / დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საკომუნიკაციო-სატრანსპორტო ხაზების გახსნა.
პრაღაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნაზეც შეთანხმდნენ.
პრაღაში შეხვედრებსა და საზღვარზე ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. რუსეთმა ევროკავშირი სამშვიდობო პროცესში მისთვის გვერდის ავლის მცდელობაში დაადანაშაულა.
ოთხშაბათს თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) რუსეთის ხელმძღვანელობით უკვე მზად არის, სომხეთში საკუთარი დამკვირვებლების მისია გაგზავნოს.
CSTO-ს დამკვირვებლების შესახებ შემოთავაზებისათვის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უპასუხია. მან სექტემბრის შუა რიცხვებში გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავშირებით რუსეთის რბილი პოზიცია ირიბად გააკრიტიკა და თქვა, რომ "ზოგმა ნეიტრალურმა ქვეყანამაც კი" დაასახელა აგრესორი.
გრიგორიანმა ოთხშაბათს საღამოს ერთგვარად უარყო ლავროვის განცხადება და თქვა, რომ სიტუაციის ნორმალიზებისათვის CSTO-ს მიერ დაგეგმილი "კონკრეტული ნაბიჯების" შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა
კომენტარები