დაღესტანში ქალის ცემისა და მტკიცებულებების გაყალბებისათვის ორი პოლიციელი დააკავეს
რუსეთის შემადგენლობაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკაში ქალზე ძალადობისა და მტკიცებულებების გაყალბების გამო ორი პოლიციელი დააკავეს.
10 ოქტომბერს ხასავიურტის სასამართლომ შსს-ის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს, შამილ ალიევსა და რამაზან საიპულაევს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ერთ ოფიცერს, მაია ახმედოვას მტკიცებულებების გაყალბებაში თანამონაწილეობის გამო ერთწლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
რუსული უფლებადამცველების ჯგუფის,"რაზმი წამების წინააღმდეგ" განცხადებით, ეს მათი ოცწლიანი საქმიანობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში სასამართლომ პოლიციელებს წამების საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
მაგომედ ალამოვი, რომელიც მსხვერპლებს სასამართლოში იცავდა, ამბობს, რომ ისინი ვერდიქტით კმაყოფილები არიან, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოთხოვნა მსჯავრდადებულთათვის წოდების ჩამორთმევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
როგორც "რაზმი წამების წინააღმდეგ" წევრები აცხადებენ, 2020 წლის მარტში ალიევმა და საიპულაევმა კურაშოვას მანქანა გააჩერეს, რომელშიც ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მამაკაცებმა მას ცემა დაუწყეს და თავისივე მანქანიდან გადმოათრიეს.
კურაშოვას თქმით, მანქანაში დაწყებული ძალადობა ხასავიურტის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც გაგრძელდა.
პოლიციელები ქალს ბავშვების წართმევითა და მისთვის ტრეფიკინგის ბრალდების წაყენებითაც დაემუქრნენ. მედიაზონას პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები ქალისაგან ₽500,000 ($7,700)-ს ითხოვდნენ.
ქალი მეორე დილას, ყალბ ჩვენებაზე ხელის მოწერის შემდეგ გაათავისუფლეს. იმავე დღეს კურაშოვას წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმე აღიძრა. მოგვიანებით გამოძიება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კურაშოვას ტვინის დაზიანება და არაერთი ჩალურჯება აღენიშნებოდა.
ქალის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას მას ალიევი და საიპულაევი ემუქრებოდნენ, რის გამოც მან სახელმწიფო თავშესაფარი მოითხოვა. ოქტომბერში კურაშოვას უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისთვის კომპენსაციის სახით ₽50,000 ($770) გადაეცა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა
კომენტარები