პირველი კოსმოსური ტურისტი ამჯერად მთვარეზე რომანტიკული მოგზაურობისთვის ემზადება
ისტორიაში პირველი კოსმოსური ტურისტი ბრუნდება და ამჯერად ის მეუღლესთან ერთად მთვარეზე მიემგზავრება. ამისთვის ის SpaceX-ის Starship-ს გამოიყენებს.
Ars Technica-თან ინტერვიუში, მილიარდერმა დენის ტიტომ თქვა, რომ არ ეგონა, თუ ოდესმე კიდევ მიიღებდა კოსმოსში დაბრუნების საშუალებას — განსაკუთრებით კი მთვარის მისიით. ცნობისთვის, დენის ტიტო ოდესღაც Jet Propulsion Lab-ის მეცნიერი იყო, რის შემდეგადაც ის საინვესტიციო ბანკირი გახდა. სწორედ მან 2001 წელს იყიდა პირველი პირადი მოგზაურობის ბილეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე.
მილიარდერმა გასულ წელს მეუღლესთან, აკიკო ტიტოსთან ერთად, SpaceX-ის სათაო ოფისი მოინახულა. ტურის შემდეგ წყვილმა დაიწყო მთვარის მოგზაურობის განხილვა.
"ჩვენ შევხედეთ ერთმანეთს, — თქვა ნიუ-იორკში დაბადებულმა მილიარდერმა, — და მაშინვე მივხვდით, რომ ეს გვინდოდა".
"მე ვთქვი კი. მინდა, რომ წავიდეთ", — დასძინა მისმა მეუღლემ.
წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ათწლეულის ბოლოსთვის მთვარეზე დაგეგმილი ფრენიდან ორი ბილეთი შეიძინეს.
ეს ნიშნავს, რომ მილიარდერი და მისი მეუღლე პირველი წყვილია, რომელიც მთვარეზე რომანტიკულ მოგზაურობისთვის მიემგზავრება. მეტიც, აკიკო პირველი ქალია (ჯერჯერობით), რომელიც Starship-ით კოსმოსში გაფრინდება.
როგორც Ars აღნიშნავს, წყვილის მოგზაურობა დამოკიდებულია SpaceX-ის შემდგომ განვითარებაზე და Starship-ის შესაძლებლობებზე. ჩვენ ვიცით, რომ SpaceX თავისი მასიური რაკეტის პირველი ორბიტალური სატესტო ფრენების განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
მილიარდერი 82 წლის ასაკშია. ლოდინი კი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა, Star Trek-ის ვარსკვლავი უილიამ შატნერი სულაც 90 წლის იყო, როდესაც Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გავიდა.
SpaceX-ის თქმით, Starship მთვარის გარშემო მისიის შესასრულებლად მინიმუმ 2025 წლამდე არ იქნება მზად. თუმცა, მილიარდერის თქმით, მას არსად ეჩქარება და მოიცდის.
"ჩვენ მზად ვართ დაველოდოთ. მთავარია იყოს ჯანმრთელობა და ჩვენ არსად გვეჩქარება. მისია შესრულდება მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება", — თქვა მილიარდერმა.
შემდეგი პოდკასტი: კოსმოსი და ადამიანი — მეცნიერება და ტურიზმი
კომენტარები