მსახიობი უილიამ შეტნერი Blue Origin-ის რაკეტით კოსმოსში დღეს მიფრინავს — სად ვუყუროთ
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin მიერ შექმნილი რაკეტის New Shepard რიგით მე-2 ეკიპაჟიანი მისია განხორციელდება. ის აშშ-ის ტექსასის შტატის ქალაქ ვან ჰორნში მდებარე კოსმოდრომიდან აფრინდება და კოსმოსში კანადელ მსახიობს, უილიამ შეტნერს აიყვანს, რომელმაც სახელი Star Trek-ის ერთ-ერთი პერსონაჟის, ჯეიმს კირკის როლის შესრულებით გაითქვა.
მასთან ერთად კაფსულაში ეკიპაჟის კიდევ 3 წევრი იქნება. მათ შორისაა Blue Origin-ის მისიებისა და ფრენებთან დაკავშირებული ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი, ოდრი ფავერსი, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ფრანგული კომპანიის Dassault Systèmes ხელმძღვანელის მოადგილე, გლენ დე ვრაისი და კომპანიის Planet თანადამფუძნებელი, კრის ბოსჰაუზენი.
აღსანიშნავია, რომ New Shepard-მა რამდენიმე კვირის წინ კოსმოსში თავად ჯეფ ბეზოსი, მისი ძმა, მარკი, 82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი და 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი, ოლივერ დაემენი გაიყვანა.
თუ დღევანდელი მისია წარმატებით ჩაივლის, 90 წლის უილიამ შეტნერი ვოლი ფანკის რეკორდს მოხსნის და ყველაზე ხნიერი ადამიანი გახდება, რომელიც კოსმოსშია ნამყოფი.
ფრენის პირდაპირ რეჟიმში ნახვა Blue Origin-ის ვებგვერდსა და იუთუბ არხზე იქნება შესაძლებელი, რომელიც ქვემოთაა მოცემული. ტრანსლაცია რაკეტის გაშვებამდე დაახლოებით 90 წუთით ადრე დაიწყება.
ფრენა, საერთო ჯამში, დაახლოებით 11 წუთს გასტანს. ეკიპაჟის წევრები უწონადობაში 4 წუთს გაატარებენ, რის შემდეგაც რაკეტის პირველი საფეხური კაფსულას ჩამოშორდება და გაშვებიდან 8 წუთში, კოსმოსდრომიდან 3 კილომეტრში მდებარე არეალში დაეშვება.
რაც შეეხება კაფსულას, ის გზას განაგრძობს და კარმანის ხაზს გასცდება, რომელიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსა და კოსმოსის მიჯნად მიიჩნევა. ხომალდის ბორტზე მყოფი ადამიანები ზღვის დონიდან 100 კილომეტრზე მაღლა ავლენ, ბოლოს კი ხმელეთზე დაბრუნდებიან.
კომენტარები