ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ორიონის ნისლეულის საოცრად დეტალური ფოტო გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან კიდევ ერთი გასაოცარი სურათი მივიღეთ, რომელზეც ორიონის ნისლეულის შიდა რეგიონს უპრეცედენტო დეტალებში ვხედავთ. ჩვენგან 1 350 სინათლის წლით დაშორებულ ამ არეალში ვარსკვლავები აქტიურად წარმოიქმნება, რაც მნათობების ფორმირების პროცესის შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ კადრები პროგრამა Early Release Science-ის ფარგლებში მოიპოვა, რომელზეც 100-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარი გუნდი, სახელად PDRs4All მუშაობდა. მათ პროექტს 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ მონაცემებს ისინი 5 წლის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა შედეგი ამად ღირდა.
ფოტოზე მრავალ საინტერესო სტრუქტურას ვხედავთ, რომლის მასშტაბიც დაახლოებით 40 ასტრონომიულ ერთეულია, ანუ ჩვენი მზის სისტემის ზომისაა. მაგალითისთვის, მატერიის მკვრივი ფილამენტები (ძაფისებრი წარმონაქმნები), რომლებიც შესაძლოა, მნათობთა ახალი თაობის გაჩენას უწყობდეს ხელს. ასევე, ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავური სისტემები ირგვლივ აირისა მტვრის დისკოებით, სადაც პლანეტები უნდა ჩამოყალიბდეს.
აღსანიშნავია, რომ ორიონის ნისლეული აქამდე ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპსაც გადაუღია. ის ხილულ სინათლეზეა კონცენტრირებული, ვები კი ინფრაწითელ გამოსხივებას აღიქვამს. ეს გვეხმარება, რომ მტვრის სქელი "კედლის" მიღმა არსებული მიდამო შევისწავლოთ.
"ამ სურათზე ჩვენ ერთგვარ ციკლს ვუყურებთ, რომელშიც ვარსკვლავთა პირველი თაობა მომდევნო პოპულაციას მატერიით ამარაგებს", — აცხადებენ სპეციალისტები.
კადრებში მოხვდა პროტოვარსკვლავების მიერ გამოფრქვეული ნაკადები, მტვერში გახვეული ახალდაბადებული მნათობები, ღრუბელში არსებული მცირე ზომის ღრუ ადგილები და სხვა.
უნდა ითქვას, რომ ვებისთვის ორიონის ნისლეულის გამოკვლევა გამოწვევა იყო, რადგან მისი მგრძნობიარე ხელსაწყოებისთვის ის საკმაოდ კაშკაშაა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ობსერვატორიამ ამას წარმატებით გაართვა თავი.
გუნდი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ორიონის ნისლეულზე დაკვირვებას მომავალშიც განაგრძობენ და ვებისგან ახალ აღმოჩენებსაც ელიან.
კომენტარები