ჰავაიზე განლაგებულმა ინოის მზის ტელესკოპმა, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო, ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავის გასაოცარი და გამორჩეულად დეტალური სურათები გადაიღო, რომლებზეც მისი ქრომოსფეროა აღბეჭდილი, ანუ ატმოსფეროს შუა ფენა.

ქვემოთ ნაჩვენებ, 18-კილომეტრიანი რეზოლუციის მქონე სურათზე პლაზმის კაშკაშა შვერილებს ვხედავთ, რომლებიც მზის გვირგვინისკენაა მიმართული და ფიჭის უჯრედების მსგავს სტრუქტურას ქმნის (ის მეორე გამოსახულებაზე უფრო გამოკვეთილია). მათ გრანულებს უწოდებენ და თითოეული დაახლოებით 1 600 კილომეტრი სიგანისაა.

ფოტო: NSO/AURA/NSF

ფოტოზე 82 500-კილომეტრიანი არეალია აღბეჭდილი, რომელიც ამ უზარმაზარი ვარსკვლავის მთლიანი დიამეტრის მხოლოდ უმცირესი ნაწილია. მისი გიგანტური ზომის ხაზგასასმელად, სპეციალისტებმა მეორე ფოტოს კუთხეში ჩვენი პლანეტა მოათავსეს, რომელიც მნათობის ამ უმცირეს რეგიონთან შედარებითაც კი ძალიან პატარაა.

ფოტო: NSO/AURA/NSF

აღსანიშნავია, რომ ინოის მზის ტელესკოპი ყველაზე მძლავრი ასეთი ხელსაწყოა. სწორედ ამიტომ, მას ვარსკვლავის ქრომოსფეროს დეტალურად გადაღება შეუძლია, რომელსაც მხოლოდ მზის სრული დაბნელებისას ვხედავთ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ტელესკოპმა მზის შესწავლის ახალ ერას დაუდო საფუძველი. მაგალითად, მის მიერ მოპოვებული მონაცემებით მოსალოდნელი გეომაგნიტური შტორმების პროგნოზირებაა შესაძლებელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.