ისტორიაში პირველად, ჩინელმა მეცნიერებმა თაგვის გენების სრულ რეპროგრამირებას მიაღწიეს
ჩინელი მეცნიერების გუნდმა თაგვის ქრომოსომათა სრული რეპროგრამირება, ანუ ხელახლა გადაწყობა შეძლო, რაც ისტორიაში პირველი პრეცედენტია, რადგან ძუძუმწოვრებში ასეთი წარმატებული ექსპერიმენტი აქამდე არ ჩატარებულა. მსგავსი რამ ამ დრომდე მხოლოდ მარტივ, ერთუჯრედიან ორგანიზმებში განხორციელდა, როგორიც საფუარი სოკოებია.
ცდისპირ თაგვს შიაო ჟუ, "პატარა ბამბუკი" ჰქვია. სპეციალისტებმა მისი დნმ-ის შემცველი ქრომოსომები სეგმენტებად დაყვეს, შემდეგ კი განსხვავებული კომბინაციებით ისევ შეაერთეს. გენების პროგრამირება ცხოველებში ბუნებრივად ხდება, რაც მათ გამრავლებასა და ევოლუციას უწყობს ხელს. ეს საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ლაბორატორიულ პირობებში მისი გამეორება ძალიან ძნელია, მითუმეტეს ძუძუმწოვრების შემთხვევაში.
მეცნიერებმა ამისთვის CRISPR-ის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც ორგანიზმის დნმ-ის თანმიმდევრობაში ჩარევით გენომის კონკრეტულ რეგიონებზე მანიპულაციაა შესაძლებელი. ის მათ თაგვის ღეროვანი უჯრედებისკენ მიმართეს. როდესაც მათ 2 ქრომოსომის გრძელი ფრაგმენტების შეერთება სცადეს, შედეგად მღრღნელის დეფორმირებულ სხეულსა და უჩვეულო ქცევებს იღებდნენ.
შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ უფრო მოკლე სეგმენტების შეერთებითა და ქრომოსომათა რაოდენობის19 წყვილამდე დაყვანით პრობლემა მოგვარდა. თაგვს ამაზე 1 წყვილით მეტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მკვლევრებმა ცხოველის სრულიად ახალი "სახეობა" შექმნეს.
ისინი ამას ბიოინჟინერიის გარღვევას უწოდებენ, რაც ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი მოლეკულური მექანიზმებისა და რეპროდუქციული ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ასევე, ახალი სახეობების შექმნას გახდის შესაძლებელს, რადგან რეპროგრამირებული გენები შთამომავლობაზე მემკვიდრეობით გადადის. დიდი ალბათობით, ეს მეთოდი, მაგალითად, უშვილობასთან და კიბოსთან ბრძოლაშიც გამოგვადგება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები