2 აგვისტოს Washington Post-ზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოპ-ედი გამოქვეყნდა, რომელშიც ის ტაივანში ვიზიტის შესახებ საუბრობს. On.ge მას სრულად გთავაზობთ.


დაახლოებით 43 წლის წინ შეერთებული შტატების კონგრესმა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო და პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერა კანონს — ტაივანის ურთიერთობების აქტი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი წყნარ ოკეანეში.

ტაივანის ურთიერთობების აქტმა ასახა ამერიკის ერთგულება დემოკრატიული ტაივანისადმი, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოს, რომელიც სწრაფად განვითარდება პარტნიორობაში. მან ხელი შეუწყო ღრმა მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე — თვითგამორკვევა და თვითმმართველობა, დემოკრატია და თავისუფლება, ადამიანის ღირსება და უფლებები.

მან საზეიმო პირობა დადო შეერთებული შტატების მიერ ტაივანის დაცვაში მხარდაჭერის შესახებ. დღეს ამერიკას უნდა ახსოვდეს ეს პირობა. ჩვენ უნდა დავდგეთ ტაივანის გვერდით, რომელიც არის გამძლეობის კუნძული. ტაივანი ლიდერია მმართველობაში — ამჟამად, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გარემოს დაცვისა და კლიმატის მოქმედების მხარდაჭერით. ის არის ლიდერი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დინამიზმში — სამეწარმეო სულისკვეთებით, ინოვაციების კულტურით და ტექნოლოგიური ოსტატობით, რაც მსოფლიოს შურს.

თუმცა, შემაშფოთებელია, რომ ეს ძლიერი, მტკიცე დემოკრატია, რომელსაც Freedom House-მა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალი უწოდა და რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი, საფრთხის ქვეშაა.

ბოლო წლებში პეკინმა მკვეთრად გააძლიერა დაძაბულობა ტაივანთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ (PRC) გააძლიერა ბომბდამშენების, გამანადგურებლების და სათვალთვალო თვითმფრინავების პატრულირება ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონის მახლობლად და მის თავზეც კი, რის გამოც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ჩინეთის არმია "სავარაუდოდ, ემზადება ტაივანის გაერთიანებისთვის PRC-ის ძალის გამოყენებით".

PRC, ასევე, აწარმოებს კიბერშეტევას და ყოველდღიურად ახორციელებს უამრავ თავდასხმას ტაივანის სამთავრობო უწყებებზე. ამავდროულად, პეკინი ზეწოლას ახდენს ტაივანს ეკონომიკასა და გლობალურ კორპორაციებზე, რათა ქვეყნები, რომლებიც თანამშრომლობენ ტაივანთან შეშინდნენ და შეწყვიტონ კავშირი კუნძულთან.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) დაჩქარებული აგრესიის ფონზე, ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი უნდა განიხილებოდეს, როგორც ცალსახა განცხადება, რომ ამერიკა დგას ტაივანთან, ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორთან, რადგან ის იცავს საკუთარ თავს და თავისუფლებას.

ჩვენი ვიზიტი — კონგრესის რამდენიმე დელეგაციადან ერთ-ერთი — არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთი ჩინეთის ხანგრძლივ პოლიტიკას, რომელსაც ხელმძღვანელობს 1979 წლის ტაივანის ურთიერთობების აქტი, აშშ-ჩინეთის ერთობლივი კომუნიკები და Six Assurances-ის შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს-კვოს შესაცვლელად.

ვიზიტი წყნარ ოკეანეში ჩვენი უფრო ფართო მოგზაურობის ნაწილია, მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია და ორიენტირებულია ორმხრივ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პარტნიორობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე. ჩვენი დისკუსია ტაივანელ პარტნიორებთან მიმართული იქნება კუნძულისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებაზე და საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანთან დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, არა მხოლოდ კუნძულის 23 მილიონი ადამიანისთვის, არამედ მილიონობით სხვა ადამიანისთვისაც, რომლებიც ჩაგვრის და მუქარის ქვეშ არიან PRC-ის მიერ.

ოცდაათი წლის წინ მე ვიმოგზაურე ორპარტიული კონგრესის დელეგაციით ჩინეთში, სადაც ტიანანმენის მოედანზე გავშალეთ შავ-თეთრი ბანერი, რომელზეც ეწერა: "მათთვის, ვინც დაიღუპნენ ჩინეთში დემოკრატიისთვის". მოედნიდან გამოსვლისას ფორმიანი პოლიცია დაგვედევნა. მას შემდეგ პეკინში ადამიანის უფლებების უსიამოვნო ისტორიები და კანონის უზენაესობის უგულებელყოფა გრძელდება, რადგან პრეზიდენტი სი ძინპინი აძლიერებს ძალაუფლებას.

CCP-ის სასტიკმა დარბევამ ჰონგ კონგის პოლიტიკური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, თუნდაც კათოლიკე კარდინალ ჯოზეფ ზენის დაპატიმრებამ, "ერთი ქვეყნის, ორი სისტემის" დაპირებები ნაგავსაყრელში მოისროლა. ტიბეტში CCP დიდი ხანია აწარმოებს კამპანიას ტიბეტელი ხალხის ენის, კულტურის, რელიგიისა და იდენტობის წაშლის მიზნით. სინციანში, პეკინი ახორციელებს გენოციდს მუსლიმი უიღურებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ და მთელ კონტინენტზე, CCP აგრძელებს აქტივისტების, რელიგიური თავისუფლების ლიდერების და იმ ხალხის დაკავებას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გაბედავს.

ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედობა, როდესაც CCP ემუქრება ტაივანს და თავად დემოკრატიას.

მართლაც, ჩვენ მივდივართ ამ მოგზაურობაში იმ დროს, როდესაც მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის. როდესაც რუსეთი აწარმოებს თავის წინასწარ განზრახულ, უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, კლავს ათასობით უდანაშაულო ადამიანს, ბავშვებსაც კი, აუცილებელია, რომ ამერიკამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად განაცხადონ, რომ არასდროს დავნებდებით ავტოკრატებს.

როდესაც მე ვხელმძღვანელობდი კონგრესის დელეგაციას კიევში, აშშ-ის უმაღლესი დონის ვიზიტს ალყაშიმოქცეულ ქვეყანაში, მე ვუთხარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით მისი ხალხის მიერ უკრაინისა და მთელი მსოფლიოს დემოკრატიის დაცვით.

ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი — კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის და ყველა დემოკრატიის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.