ყალბი ფული თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა და მსგავსი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. გაყალბებული ბანკნოტები შეიძლება ისე მოხვდეს შენთან, რომ ვერ ამოიცნო, რაც ფინანსურად დაგაზარალებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი იცოდე ფულის დამცავ ნიშნებზე — ამაში დღეს ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ დაგეხმარებით.

იცოდი რომ ლარის ბანკნოტები დაცულია, როგორც მოსახლეობისთვის განკუთვნილი და ადვილად დასანახი, ისე სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი ნიშნებით? — თუ აქამდე ვერ ხვდებოდი, რატომ უყურებენ ადამიანები ბანკნოტებს გამჭოლ შუქზე, გეტყვით, რომ ასე დამცავი ნიშნების დანახვას ცდილობენ. მათი შემოწმება სხვადასხვა კუთხით დახრით ან ხელის შეხებითაც შესაძლებელია. ლარის ბანკნოტებზე, ასევე, გამოყენებულია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის.

ნიშნები, რომელსაც გამჭოლ შუქზე შეამჩნევთ:

წყლისნიშანი

თუ ბანკნოტს გამჭოლ შუქზე გახედავ, უნდა შეამჩნიო ნომინალის შესაბამისი პორტრეტის, აღმნიშვნელი ციფრის და ლარის სიმბოლოს (₾) გამოსახულებები.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ვერტიკალური დამცავი ძაფი

ვერტიკალური დამცავი ძაფი ნომინალის შესაბამისი წარწერით, წყვეტილი სახით ბანკნოტის უკანა მხარეს გვხვდება. თუ ბანკნოტს გამჭოლ შუქზე გახედავ, ძაფი ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას ფერს იცვლის.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დამცავი ბოჭკოები

ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკ

თანმხვედრი გამოსახულება

ბანკნოტის შუქზე გახედვისას ერთიანდება წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ნიშნები, რომლებსაც ბანკნოტის სხვადასხვა კუთხით დახრისას იპოვი:

ჰოლოგრამა

თუ კუპიურას სხვადასხვა კუთხით დახრი, დაინახავ, რომ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები ფერს შეიცვლის.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფარული გამოსახულება

დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი. მაგალითად 5-ლარიანის შემთხვევაში ციფრი 5, 10-ლარიანისას 10 და ა.შ.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ოპტიკურად ცვალებადი საღებავი

სხვადასხვა კუთხით დახრისას ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ორნამენტი ფერს იცვლის.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ირისისებური ზოლი

ბანკნოტის უკანა მხარეს, ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ნიშნები, რომლებსაც ბანკნოტზე შეხებით აღმოაჩენ:

რელიეფური ნაბეჭდი

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე — პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი და ა.შ. დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის

ბანკნოტის წინა მხარეს მარჯვენა და მარცხენა კიდეებზე დატანილია ნომინალების მიხედვით განსხვავებული რაოდენობის ხაზები, რომელიც შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეს ყველაფერი სპეციალური ხელსაწყოების გარეშეც შეგიძლია იპოვო. დანარჩენი დამცავი ნიშნების ამოცნობა კი მხოლოდ გამადიდებელი ლუპით, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით და მაგნიტური დეტექტორით ხდება.

  • აშშ დოლარის დამცავ ნიშნებზეც თუ გაინტერესებს, დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლია აქ.
  • ევროს დამცავი ნიშნებზე მეტ ინფორმაციას კი ამ ბმულზე ნახავ.

რადგან უკვე ყალბი კუპიურების განსხვავება ისწავლე, აუცილებელია იცოდე ისიც, როგორ უნდა მოიქცე, თუ ბანკნოტი საეჭვოდ მოგეჩვენა: იმ შემთხვევაში, თუ დაეჭვდები, რომ ბანკნოტი შესაძლოა გაყალბებული იყოს, უნდა მიმართო ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს.

გახსოვდეს, ბანკი ვალდებულია, სიყალბეზე საეჭვო ფულის ნიშანი არ დაუბრუნოს შემომტანს და შესაბამის ცნობასთან ერთად შემდგომი ექსპერტიზისთვის გადააგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკში. თუ ფულის ნიშანი ყალბი აღმოჩნდა, მომხმარებელს ის არც უკან უბრუნდება და არც აუნაზღაურდება.