ორშაბათს, ლენკარანის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება ოლქის აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსის მოადგილის, რუსილა არიფგიზისისა და #4 სკოლის დირექტორის, იეგანე ასგაროვას წინააღმდეგ დაიწყო.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების საქმეზე მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, არიფგიზიმ სკოლის მოსწავლე სერტიფიკატის მიღების საბაბით სახლში მიიყვანა, სადაც ასკეროვასთან ერთად, გოგოს ტელეფონი წაართვა და ნათესავებს "პირადი ინფორმაცია" გაუგზავნა.

უწყების განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად, გოგოს სხეულზე დაზიანებები აღმოაჩნდა. ორივე ქალი სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

თავდაპირველად ბრალდებები 15 ივლისს გაჟღერდა — აზერბაიჯანის ბავშვთა უფლებების ჯგუფის ხელმძღვანელმა, კამალა აღაზადემ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, როგორც სკოლის მოსწავლემ თქვა, ორმა ქალმა სცემა.

მისი განცხადებით, თავდასხმას, შესაძლოა, წინ უძღოდა არიფგიზის შვილსა და გოგოს შორის პირადი კონფლიქტი.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.