MIT-ის მეცნიერებმა წყლის ადუღების უფრო სწრაფ და ეფექტიან გზას მიაგნეს
რას იტყოდით, წყლის უფრო სწრაფად და ეფექტიანად ადუღება რომ შეიძლებოდეს? ეს ენერგიის მოხმარებას შეამცირებდა და ბევრი ინდუსტრიული პროცესისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი, მათ შორის ელექტროსადგურების დიდი ნაწილისთვის, ქიმიური წარმოების სისტემებისთვის და ელექტრონიკის გაგრილების სისტემებისთვისაც კი.
MIT-ის პრესრელიზის მიხედვით, ინსტიტუტის მეცნიერებმა მეთოდს მიაგნეს, რომლის საშუალებითაც წყლის დუღილის ხელშემწყობი ორი პარამეტრის — სითბოს გადაცემის კოეფიციენტისა (HTC) და კრიტიკული სითბოს ნაკადის (CHF) გაუმჯობესება შეიძლება.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ამ ორ პარამეტრს შორის არსებობს ურთიერთკავშირი, რომლის შედეგადაც ერთის გაუმჯობესება მეორის გაუარესებას იწვევს.
"თუ მდუღარე წყლის ზედაპირზე ბუშტები გვაქვს, დუღილის პროცესი ეფექტიანად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ ბუშტების რაოდენობა ზედმეტად დიდია, შეიძლება, ისინი გაერთიანდნენ და დუღილის ზედაპირზე ორთქლის თხელი გარსი შექმნან", — განმარტა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა იანგსაფ სონგმა. ზემოაღნიშნული გარსი ცხელი ზედაპირიდან წყალზე სითბოს გადაცემის წინაღობას ზრდის. "ზედაპირსა და წყალს შორის ორთქლის ფენის არსებობა სითბოს გადაცემას უშლის ხელს და, შესაბამისად, კრიტიკული სითბოს ნაკადის მნიშვნელობას ამცირებს", — დაამატა მკვლევარმა.
აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: როგორ მიიღეს მკვლევრებმა დუღილის უფრო ეფექტიანი და სწრაფი პროცესი? ამისთვის მათ ზედაპირზე მიკროღრმულების წყება დაამატეს, რომლის საშუალებითაც მასზე ბუშტების ჩამოყალიბებას აკონტროლებენ. ამ მეთოდის საშუალებით, ბუშტების ღრუებში "გამომწყვდევა" მოხერხდა, შედეგად კი ისინი სითბოს გადაცემის ხელისშემშლელ გარსს ვეღარ უერთდებოდნენ.
"აღნიშნული მიკრო ღრმულები იმ ადგილს განსაზღვრავენ, სადაც ბუშტები უნდა გაჩნდნენ", — განმარტავს სონგი. "მაგრამ, ღრმულებს შორის 2 მილიმეტრიანი დაშორების შექმნით, ერთმანეთისგან ბუშტებსაც ვაშორებთ და ამით მათ გაერთიანებას ვუშლით ხელს".
კვლევა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მისი თანაავტორის და MIT-ის ინჟინერიის პროფესორის, ეველინ ვანგის თქმით, ექსპერიმენტი პატარა მასშტაბის ლაბორატორიულ გარემოში ჩატარდა, რომლის გამეორებაც თანამედროვე მოწყობილობებზე, პრაქტიკული გამოყენებისთვის მარტივი არ იქნება.
ვანგის თქმით, ამ ეტაპზე კვლევა უბრალოდ იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ასეთი სისტემის შექმნა შესაძლებელია. შემდეგ ეტაპზე კი, გუნდი ეცდება, იგივე პროცესი დიდი მასშტაბის პრაქტიკულ გარემოში გაიმეოროს.
კომენტარები