რაკეტა Starship-ის პირველ საფეხურს ტესტირებისას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა — ნახეთ ვიდეო
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის პირველი საფეხურის, Super Heavy-ის მე-7 პროტოტიპი ტესტირებისას მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. აფეთქება ბუსტერის ქვედა ნაწილში დაფიქსირდა, რამაც სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომი შეაზანზარა.
მილიარდერის მიერ საკუთარ ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მომხდარი ძრავის ამუშავებას უკავშირდება და მსგავსი რამ დაგეგმილი არ იყო. შეგახსენებთ, რომ ზოგჯერ აპარატის მაქსიმალური გამძლეობის გამოსაცდელად მას მიზანმიმართულად აფეთქებენ, თუმცა ეს ის შემთხვევა არ ყოფილა.
"რეალურად, ეს კარგი არაა. გუნდი მიყენებულ ზიანს აფასებს", — წერს მასკი სხვა ტვიტში.
SpaceX ზემოხსენებულ პროტოტიპს რაკეტის პირველი საცდელი ორბიტული ფრენისთვის ამზადებს, რომელიც უახლოეს თვეებში შედგება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გაურკვეველია ისიც, თუ რამდენად იმოქმედებს ამაზე უკანასკნელი ინციდენტი.
ბუსტერ Super Heavy-ისა და მეორე საფეხურ Starship-ისგან შემდგარი უზარმაზარი რაკეტა, რომელიც Raptor-ის ტიპის რამდენიმე ათეულ ძრავს აერთიანებს, მრავალჯერადი გამოყენებისაა. ბიზნესმენს სურს, მისი მეშვეობით ადამიანები მარსზე წავიდნენ და იქ კოლონია შექმნან. მანამდე რაკეტას მთვარის მისიებისთვის გამოიყენებენ პროგრამა არტემისის ფარგლებში, რომლის მიზანიც დედამიწის თანამგზავრზე ასტრონავტების გაშვებაა.
კომენტარები