რა კავშირია თევზის ჭამასა და სიმსივნეს შორის? — კვლევა
მიუხედავად იმისა, რომ თევზი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა მის მირთმევასა და სიმსივნის ჩამოყალიბებას შორის შესაძლო კავშირს გამოკვეთს.
საუბარია მელანომაზე, რომელიც, სპეციალისტთა განცხადებით, მხოლოდ აშშ-ში რიგით მე-5 ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. მათი თქმით, მისით დაავადების რისკი თეთრი კანის ფერის მქონე მოსახლეობაში 38-დან 1-ია, მუქი კანის მქონე ადამიანებში 1000-დან 1, ესპანელებში კი — 167-დან 1.
რაც შეეხება თევზსა და კანის ამგვარი სიმსივნის ურთიერთმიმართებას, მეცნიერებმა საერთო ჯამში 50-71 წლის ასაკის 491 367 ამერიკელის მონაცემები შეისწავლეს. ისინი მათ 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში თევზის დაახლოებით 2 ულუფას მიირთმევდნენ, მელანომის ჩამოყალიბების 22 პროცენტით მეტი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ნახევარ ულუფაზე ნაკლებს სჯერდებოდა, ხოლო კიბოს წინამორბედი ანომალიური უჯრედების ჩამოყალიბების რისკი 28 პროცენტი იყო.
ავტორები ამბობენ, რომ, თუ თევზი მართაც სიმსივნის მაპროვოცირებელი პროდუქტია, მაშინ მიზეზი, სავარაუდოდ, მასში შემავალ მავნე ნაერთებსა და ელემენტებში უნდა ვეძებოთ, როგორიცაა პოლიქლორირებული ბიფენილი, დიოქსინი, დარიშხანი და ვერცხლისწყალი. წინა კვლევებმა თევზში მათი მაღალი დონე გამოავლინა, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში მეცნიერებს საკვების შემადგენლობა არ გაუანალიზებიათ.
ასევე, ყურადღება არ გამახვილებულა სხვა რისკ-ფაქტორებზე, მაგალითად, ხალებზე, თმის ფერზე, მზისგან მიღებულ დამწვრობებზე და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მონაწილეთა რაციონი კვლევის დასაწყისში განისაზღვრა და შესაძლოა, მას შემდეგ შეცვლილიყო კიდეც.
აქედან გამომდინარე, გამოცემაში Cancer Causes & Control გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.
კომენტარები