გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა მთავრობის კრიტიკოსი მოკლეს
ჩეჩნეთის საზოგადოებრივი მოძრაობის, 1ADAT-ის ცნობით, ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი, მუსლიმ ბისულთანოვი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს.
მოძრაობის ტელეგრამ არხის თანახმად, 24 მაისს სამ ჩეჩენ პოლიციელს ბისულთანოვის საკუთარი სახლიდან, სოფელ ზნამენსკოედან გატაცება დაავალეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მაშინ ესროლეს, როცა უსაფრთხოების ძალებისგან ცოლის დაცვას ცდილობდა — ამის შემდეგ, ცოლი გაიტაცეს და ნადტერეჩნის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა უცნობია.
ჩეჩნეთის სხვა ტელეგრამ არხმა, ASTRA-მ მოგვიანებით დაწერა, რომ ბისულთანოვის გატაცება უფროს ლეიტენანტ რასულ კუსიევს, ლეიტენანტ ადამ მუდაევსა და მაიორ ხასან მუსაევს დაევალათ. გავრცელებული ინფორმაციით, მუსაევი იყო ის ოფიცერი, რომელმაც აქტივისტი მოკლა.
"ის მალავდა წინააღმდეგობრივ შეხედულებებს ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, რამდენჯერმე იყო გატაცებული. ამჯერადაც კიდევ ერთხელ უნდოდათ მისი გატაცება", — უთხრა 1ADAT-მა OC Media-ს.
მათი ცნობით, როცა ბისულთანოვის მეგობარმა, ილიას ელმაურზაევმა ცეცხლსასროლი იარაღის ხმა გაიგო, მეგობართან ტელეფონზე დარეკვა სცადა. იმავე დღეს ილიასი და მისი ძმა ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ილიასმა ჩეჩნეთის დატოვება მოახერხა, ხოლო მისი ძმა უსაფრთხოების ძალებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.
როგორც 1ADAT წერს, ისლამ ელმაურზაევი ნადტერეჩნის განყოფილებაში ჰყავდათ და აწამებდნენ. მომდევნო დღეს კი მისი უფროსი ძმა კრასნოდარის მხარეში იპოვეს, საიდანაც ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
ფედერალურ ძებნილთა სიაში, ასევე, შეიყვანეს ბისულთანოვის ნათესავი, მუჰამადი. ადგილობრივი ცნობებით, ჩეჩნეთის დატოვების მიზნით, უკვე საზღვართან იმყოფებოდა, როცა იპოვეს და ესროლეს. ამჟამად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო საავადმყოფოში მკურნალობს.
1ADAT-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, ჩეჩნეთში ხელისუფლების კრიტიკოსებისა და აქტივისტების გატაცებების სიხშირე არ შემცირებულა.
"გატაცების დროს, კადიროველებს [უშიშროების ძალები, რომლებსაც რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს] ასევე შეუძლიათ ოჯახის წევრების ცემა და დაჭერა", — აღნიშნავენ ისინი.
"ჩეჩენი ხალხის გენოციდის ეს სისტემა, უკრაინაში ომის დროსაც კი არ წყდება".
გავრცელებული ინფორმაციით, ბისულთანოვის მკვლელობის შემდეგ, სოფელ ზნამენსკოეში მასობრივი გატაცებები მოხდა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები