ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა პომპეიში დაღუპული ადამიანის გენომი გაშიფრეს
მეცნიერებმა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ძველი რომის ქალაქ პომპეიში დაღუპული ადამიანის გენომი წარმატებით გაშიფრეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
ეს გახლავთ კაცი, რომლის ჩონჩხსაც XX საუკუნეში, "ხელოსნის სახლის" სახელით ცნობილ სტრუქტურაში, შუახნის ქალის ნაშთებთან ერთად მიაკვლიეს. ის 1.64 მეტრი სიმაღლისა და 35-დან 40 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო. მცდელობის მიუხედავად, სპეციალისტებმა გენეტიკური ნიმუშის აღება მხოლოდ პირველი მათგანის თავის ქალიდან შეძლეს.
აღმოჩნდა, რომ მისი დნმ თანამედროვე ცენტრალური იტალიის მკვიდრთა და რომის იმპერიის პერიოდში იმავე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დნმ-ის ბევრ მახასიათებელს იზიარებს. ასევე, ამ ადამიანის სიმაღლე საშუალო რომაელი კაცისას ემთხვევა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, მისი Y ქრომოსომა და მიტოქონდრიული დნმ იმ დროისთვისაც და ადგილისთვისაც უჩვეულოა.
მკვლევრების აზრით, ეს რკინის ხანის გენეტიკური მრავალფეროვნების მაგალითია, რომელიც აპენინის ნახევარკუნძულზე რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ გაქრა. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რაც პრერომაული პერიოდის პოპულაციების შესახებ არ ვიცით.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი გენომის გაშიფვრა ნამდვილად წარმატებაა, რადგან ის დროის გასვლასთან ერთად ნადგურდება, რასაც ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული დაზიანებაც ემატება.
ასევე, იხილეთ: ადამიანის გენომი გაშიფრულია — მეცნიერებმა ყველაზე სრულყოფილი მოდელი შექმნეს
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის გარდა Mycobacterium-ის ტიპის ბაქტერიის დნმ-იც გამოავლინეს, რომელშიც ტუბერკულიოზის გამომწვევი სახეობა, Mycobacterium tuberculosis-იც შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ კატასტროფის მსხვერპლი სიცოცხლეში ტუბერკულიოზით იტანჯებოდა, რისი კვალიც ხერხემალზე შეინიშნება. სავარაუდოდ, მას წელის ძლიერი ტკივილი, ხველა, კუნთების დაჭიმულობა და ზოგადი სისუსტე აწუხებდა, რომელიც ყველაზე მეტად გავლენას ქვედა კიდურებზე ახდენდა, რის გამოც შესაძლოა, მოძრაობა გაძნელებოდა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები