27 მაისს დედამიწას სიდიდით გამორჩეული, "პოტენციურად საშიში" ასტეროიდი ჩაუვლის
დედამიწას საფრთხე არ ემუქრება.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ინფორმაციით, 27 მაისს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი 4 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის, რაც ჩვენს პლანეტასა და მთვარეს შორის არსებულ საშუალო დისტანციას თითქმის 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს.
ამ კოსმოსური ობიექტის ოფიციალური სახელწოდება 7335 (1989 JA) გახლავთ. მისი დიამეტრი 1,8 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოულოდნელად ტრაექტორიის შეცვლისა და გეზის ჩვენკენ აღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია (ჰიპოთეზურად).
სწორედ ამიტომ, მისი სახელი NASA-ს მიერ შედგენილ, "პოტენციურად საშიში" ასტრონომიული სხეულების სიაში გვხვდება. ასეთად მიიჩნევა 140 მეტრზე მეტი სიდიდის მქონე ყველა ობიექტი, რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა გამოთვლებით, 7335 (1989 JA) საკმაოდ სწრაფად, 76 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ასევე, ის ყველაზე დიდი ასტეროიდია, რომელიც 2022 წელს მოგვიახლოვდება. მომდევნო ჯერზე ეს კოსმოსური სხეული 2055 წლის 23 ივნისს გვეწვევა და ჩვენს პლანეტას უფრო შორ მანძილზე ჩაუვლის.
უნდა ითქვას, რომ ის, ასევე, დედამიწასთან ახლომდებარე (NEO) და აპოლონის ტიპის ობიექტების ჩამონათვალშიცაა. პირველი 29 000-ზე მეტ ასტეროიდს აერთიანებს, თუმცა 7335 (1989 JA) ზომით მათ 99 პროცენტს აღემატება, მეორეში კი დაახლოებით 15 000 ასტრონომიული სხეული შედის.
კომენტარები