Apple-მა მომავალი ავტომობილის პროექტისთვის Ford-ის ყოფილი ხელმძღვანელი აიყვანა
Apple-ის მიერ ავტომობილის გამოშვების შესახებ საუბარი არ წყდება. ტექნოლოგიური გიგანტი პროექტისთვის საჭირო ხალხსა და კონტაქტებს ეძებს. Bloomberg-ის თანახმად, სწორედ ამიტომ, Apple-მა Ford-ის ყოფილი ინჟინერი და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, Desi Ujkashevic აიყვანა. დესი Ford-ში 1991 წლიდან მუშაობდა და კომპანია 2022 წლის მარტში დატოვა.
დესის LinkedIn-ის მიხედვით ის ხელმძღვანელობდა ავტომობილის კორპუსის შემუშავების გუნდს, Ford-ის ევროპის უსაფრთხოების საინჟინრო დანაყოფსა და პროექტირების ტექნიკური ოპერაციების გუნდს. დესის Ford-ში ელექტრომობილების კუთხითაც უმუშავია, რაც Apple-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი ავტომობილი დიდი ალბათობით სრულად ელექტრო იქნება.
Apple-მა ავტომობილზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. თუმცა, პროექტი ისე ვერ განვითარდა როგორც ტექ. გიგანტს სურდა. Apple-მა ურთიერთობის დამყარება Hyundai-სა და Kia-სთან ცადა, თუმცა მალევე აღმოჩნდა რომ შეთანხმება კომპანიებს შორის არ შედგა.
"მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების ახალ თავგადასავალს ვიწყებ და იმედი მაქვს, რომ განვაგრძობ საზოგადოებისთვის სასარგებლო ტექნოლოგიების განვითარებას, რათა სამყარო გახდეს უკეთესი" — წერს დესი ლინკდინის პოსტში.
კომენტარები