მეცნიერებმა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრის მტკიცებულება აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიწისძვრის შესახებ. საუბარია 9,5 ბალიან მეგა მიწისძვრაზე, რამაც გამოიწვია 8000 კილომეტრის სიგრძის ცუნამი და აიძულა ადამიანები 1000 წლის განმავლობაში მიეტოვებინათ ახლომდებარე სანაპიროები.
ასევე: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე
მიწისძვრა დაახლოებით 3800 წლის წინ მოხდა ახლანდელი ჩილეს ჩრდილოეთით, როდესაც ტექტონიკური ფილების რღვევამ რეგიონის სანაპირო ზოლი ასწია. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შემდგომი ცუნამი იმდენად ძლიერი იყო, რომ მან 20 მეტრის სიმაღლის ტალღები წარმოქმნა და ისროდა მანქანის ზომის ლოდებს.
აქამდე ყველაზე დიდი მიწისძვრა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, მოხდა 1960 წელს — ვალდივიის მიწისძვრა, რომელიც თავს დაატყდა სამხრეთ ჩილეს. მაშინ მიწისძვრა 9,4 მაგნიტუდამდე ავიდა და დაიღუპა 6000-მდე ადამიანი.
რღვევა, რამაც გამოიწვია ვალდივიის მიწისძვრა, იყო უზარმაზარი და ვრცელდებოდა 800 კილომეტრის სიგრძემდე. თუმცა, როგორც მეცნიერები Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ამბობენ, ახლად აღმოჩენილი უძველესი მეგა მიწისძვრა კიდევ უფრო დიდი იყო და გამოიწვია დაახლოებით 1000 კილომეტრის სიგრძის რღვევები.
"ითვლებოდა, რომ ამ ზომის მოვლენა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნის ჩრდილოეთში", — თქვა კვლევის თანაავტორი ჯეიმს გოფიმ, გეოლოგმა საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან.
ვალდივიის მიწისძვრის მსგავსად, უძველესი მიწისძვრა იყო მეგა მიწისძვრა, ყველაზე ძლიერი ტიპის მიწისძვრა მსოფლიოში. ეს მოვლენა ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის ერთ-ერთი ტექტონიკური ფირფიტა მეორის ქვეშ იძირება. ორი ფირფიტა საბოლოოდ იკეტება ადგილზე ხახუნის შედეგად, მაგრამ ძალები, რამაც გამოიწვია ფირფიტების შეჯახება, კვლავ მატულობს. საბოლოოდ, იმდენი დაძაბულობა გროვდება, რომ ფირფიტებს შორის შეხების წერტილი იშლება, ქმნის გიგანტურ რღვევას და ათავისუფლებს ენერგიას დამანგრეველი სეისმური ტალღების სახით.
გიგანტური მიწისძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება აღმოაჩინეს საზღვაო და სანაპირო საგნებში — როგორიცაა ზღვის საბადოები (ლოდები, კენჭები და ქვიშა, რომლებიც წარმოიქმნება სანაპირო რეგიონებში).
"ჩვენ აღმოვაჩინეთ საზღვაო ნალექები და ბევრი ნაშთი, რომლებიც მოულოდნელად წყალმა მიწაზე ამოყარა. ამაში ცუნამი და მიწისძვრა უნდა ყოფილიყო დამნაშავე", — თქვა ჯეიმს გოფიმ.
შემდგომი მტკიცებულება ასევე გაჩნდა უძველესი ქვის ნაგებობების სახით, რომლებიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. ადამიანების მიერ აშენებული ეს ქვის კედლები იპოვეს ცუნამის ნაშთების ქვეშ. ეს იმას ნიშნავს, რომ კედლები უდიდესმა ცუნამმა გაანადგურა.
"ადგილობრივ მოსახლეობას არაფერი დარჩა. ჩვენმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაადგინა, რომ 1000 წელზე მეტი გავიდა, სანამ ხალხი კვლავ სანაპიროზე დაბრუნდა საცხოვრებლად, ეს გასაოცარი დროა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი იყენებდნენ ზღვას საკვების მოსაპოვებლად", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათმა კვლევამ შეიძლება უკეთ გაგვაგებინოს მომავალი მეგა მიწისძვრების პოტენციური საფრთხე.
კომენტარები