ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ ჯეკ დორსი $978 მილიონს მიიღებს
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ Twitter-ის ბორდი ილონ მასკის შეთავაზებას დათანხმდა. ილონ მასკი ტვიტერში 44 მილიარდი დოლარის გადახდას გეგმავს. თუ ეს გარიგება საბოლოოდ შედგება, Twitter-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი 978 მილიონ დოლარს მიიღებს, რადგან ის Twitter-ის 2.4%-ის მფლობელია, რაც დაახლოებით 18 მილიონი აქციაა. დორსიმ კომპანიაში ყოფნის პერიოდში ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა და ის წელიწადში სიმბოლურ 1.4 დოლარს იღებდა.
The Wrap-ის მიხედვით, თუ მასკი ტვიტერის თითო აქციას $54.20 დოლარად შეიძენს, ჯერ დორსი 978 მილიონ დოლარს ქეშის სახით მიიღებს.
საკმაოდ მსუყე თანხა შეხვდება Twitter-ის ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორსაც. თუ მასკის გარიგება წარმატებით დასრულდება და ის კომპანიაში ახალ ბორდსაც მოიყვანს, პარაგ აგრავალი საკუთარი კონტრაქტის მიხედვით 38.7 მილიონ დოლარს მიიღებს.
რაც შეეხება კომპანიის სხვა მაღალ თანამდებობებზე მყოფ პირებს, კომპანიის CFO, ნედ სიგალი 25.4 მილიონ დოლარს მიიღებს, სოციალური მედია გიგანტის მთავარ იურისტ-კონსულტანტს, ვიაია გადეს 12.4 მილიონი შეხვდება, ხოლო მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სარა პერსონე 11.2 მილიონს დასჯერდება.
ილონ მასკის მიერ ტვიტერის შეძენას ჯერ დორსი ტვიტითაც გამოეხმაურა — "მე არ ვთვლი, რომ ტვიტერს ერთი მფლობელი ან მმართველი უნდა ყავდეს, ის საჯარო სიკეთე უნდა იყოს და არა კომპანია. თუმცა, თუ ის მაინც ასეთი იქნება, ვთვლი რომ ილონი საუკეთესო გამოსავალია. მე მჯერა რომ მისი მისია ცნობიერების გაფართოებაა"
გარიგების გარშემო ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. არ ვიცით დარჩება თუ არა პარაგ აგრავალი CEO-ს პოზიციაზე, ასევე უცნობია თუ რა ბედი ეწევათ სხვა თანამშრომლებს. ასევე აღსანიშნია, რომ მასკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მაკონტროლებელი კომისიისთვის შევსებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ის კომპანიის ამჟამინდელ უფროსობას ნდობას არ გამოუცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა Twitter მასკის ხელში გადავა აგრავალი და სხვა პირები თავიანთ პოზიციებს დაკარგავენ.
კომენტარები