Reddit-ის შექმნიდან 17 წლის შემდეგ ამიერიდან პლატფორმაზე კომენტარების მოძებნა შეგეძლებათ — მომხმარებლები არა მხოლოდ ორიგინალ პოსტებსა და თემებს, არამედ მათზე დატოვებულ კომენტარებსაც შეხვდებიან.

როგორც Reddit-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აქამდე პოსტები უნდა გენახათ და მათი გამოხმაურებები სათითაოდ შეგემოწმებინათ, თუმცა ამიერიდან კომენტარებს ძებნისას პირდაპირ გიჩვენებთ.

ფოტო: Reddit

საგულისხმოა, რომ გასულ წელს Reddit-მა გამოკითხვა ჩაატარა, მომხმარებელთა უმრავლესობას კი ყველაზე მეტად სწორედ ზემოხსენებული ფუნქცია სურდა. ამასთანავე, პლატფორმაზე პირველადი ტესტირების ფარგლებში იგი 26 ათასმა ადამიანმა გამოიყენა დაახლოებით ხუთ მილიარდ კომენტარს შორის სასურველის საპოვნელად.

უნდა აღინიშნოს, რომ Reddit-ზე ძებნისას მიღებული შედეგების შესაბამისობაც გაუმჯობესდა. აქამდე ზუსტი შედეგის მისაღებად საძიებო სიტყვა თითქმის ზუსტად უნდა აგეკრიფათ, თუმცა მიდგომა უკვე ნაკლებად მკაცრია. პლატფორმაზე მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გაუმჯობესდა და გამარტივდა საძიებო ველის ინტერფეისიც, რათა სასურველი საკითხი უფრო ადვილად იპოვოთ. სხვა ტიპის შიგთავსთან შედარებით უპირატესობა ენიჭება პოსტებს. შემცირებულია მოულოდნელი შედეგების რიცხვიც, რათა ძებნა უფრო უსაფრთხო გახდეს.

ახალი ფუნქციები ამჟამად Reddit-ის დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაემატება ისინი დანარჩენ აპლიკაციებზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.