ნეპტუნი მზის სისტემის უშორესი პლანეტაა, რომელიც ვარსკვლავის გარშემო, საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას 165 წელს ანდომებს. ყინულის ამ გიგანტზე ყოველი სეზონი ძალიან დიდხანს გრძელდება — თითოეული დაახლოებით 40 წელიწადს.

ბოლო 2 დეკადის განმავლობაში, მის სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, რომლის ფარგლებშიც ასტრონომები ციური სხეულის ატმოსფეროს ტემპერატურულ ცვლილებებს აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ იქ საშუალო ტემპერატურა 8°C-ით დაეცა, რაც მოულოდნელი იყო, რადგან წესით, უნდა დამთბარიყო.

სპეციალისტებმა ნეპტუნის ინფრაწითელი გამოსხივება სხვადასხვა ტელესკოპის მეშვეობით შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ გაციების ტენდენცია უნივერსალური არ ყოფილა, რადგან 2018-დან 2020 წლამდე პერიოდში პლანეტის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ 11°C-ით დათბა, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ფოტო: ESO

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ასეთ მცირე დროში მსგავს ცვლილებებს ნამდვილად არ ელოდნენ. ამის მიზეზი გაურკვეველია. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ეს მზის აქტიურობის 11-წლიან ციკლს, კერძოდ კი მზის ლაქების წარმოქმნას ან ნეპტუნის ატმოსფეროს სეზონურ ქიმიურ მახასიათებლებს უკავშირდებოდეს.

გამოცემაში Planetary Science Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამის გარკვევაში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაეხმარებათ, რომელიც ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.