SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი სრულად კერძო მისია განახორციელა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა, Axiom Space-თან თანამშრომლობით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი სრულად კერძო მისია წარმატებით განახორციელა.
Ax-1-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან 8 აპრილს, თბილისის დროით 19:17 საათზე აფრინდა და დედამიწის ორბიტაზე მოძრავი მოდულის მიმართულებით 4 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი გაგზავნა.
ეს ამ კონკრეტული რაკეტის პირველი საფეხურისთვის რიგით მეხუთე ფრენა იყო. ბუსტერი გაშვებიდან 9.5 წუთში უკან დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ დასაჯდომ პლატფორმაზე დაეშვა.
კაფსულა Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 9 აპრილს, თბილისის დროით 16:29 საათზე მიუერთდა. ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ფრენისთვის 55 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა გადაიხადეს, ISS-ში მყოფ 7 ასტრონავტს შეუერთდნენ.
ისინი იქ ჯამში 8 დღეს გაატარებენ და ამ დროის განმავლობაში 25 სამეცნიერო ექსპერიმენტს ჩაატარებენ. მათ შორის, გამოცდიან ტვინის აქტივობის ჩამწერ ჩაფხუტს, რომლის მეშვეობითაც იმის დადგენას ეცდებიან, თუ როგორ მუშაობს ეს ორგანო კოსმოსის პირობებში. ასევე, შესწავლის საგანი იქნება დაბერების პროცესი, ღეროვანი უჯრედები, გულის ჯანმრთელობა და სხვა.
კომენტარები