Google Translate მალე კლავიატურის ენას ავტომატურად შეცვლის ხოლმე
Google Translate ავტომატურად შეცვლის Gboard-ის ენას, რათა ეს უკანასკნელი იმას შეესაბამებოდეს, რასაც თარგმნით.
როდესაც ინგლისურიდან, უკრაინულიდან, უზბეკურიდან თუ რომელიმე სხვა ენიდან სიტყვის ან წინადადების გადმოთარგმნა გვინდა, ან პირიქით, ვცდილობთ ქართული სიტყვის მნიშვნელობა მოვძებნოთ ამ ენებზე, Google Translate ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ხელსაწყოა. თუმცა, ამ პლატფორმას ერთი შემაწუხებელი ნაკლი მაინც აქვს — ენის გადართვისას Gboard-ზე კლავიატურის ენა არ იცვლება. ანუ, მაგალითად, თუ ჯერ ინგლისურიდან თარგმნით რამეს, ამ ენის ქართულით შეცვლისას ტექსტის ადგილას არა, ვთქვათ, "ნუშის ნამცხვარი", არამედ "nuSis namcxvari" გამოჩნდება. Google Translate-ის განახლება კი ამ პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
9to5Google-ის მიხედვით, Google Translate Android-ზე განახლებას ამატებს, რომლის საშუალებითაც ვირტუალური კლავიატურის — Gboard-ის ენა, მითითებული სათარგმნი ენის შეცვლისას ავტომატურად შეიცვლება. ასევე, მაგალითად, თუ ინგლისურის ნაცვლად Translate from-თან არაბულს აირჩევთ, Gboard ასე შეიცვლება:
აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ Gboard ისევ საწყის ენას დაუბრუნდება და მისი შეცვლა არ მოგიწევთ. აქამდე, თუ რომელიმე სხვა ენაზე გინდოდათ Gboard-ის გადართვა, მისი პარამეტრებიდან შესაბამისი კლავიატურა უნდა გადმოგეტვირთათ. ახლა ეს საჭირო აღარ იქნება, რაც საქმეს ბევრად ამარტივებს.
ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Google Translate-ის 6.33 ვერსიაზე და Gboard-ის მიმდინარე სტაბილურ გამოშვებასთან თავსებადია.
კომენტარები