მეცნიერებმა შექმნეს ზედმეტად უცნაური, ლორწოვანი მაგნიტური ტყლარწი, რომელიც მაგნიტური ველის მეშვეობით დისტანციურად იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას New Scientist ავრცელებს. მკვლევართა აზრით, ეს უცნაური ქმნილება ადამიანის სხეულში ვიწრო და გაუვალ ადგილებში მოსახვედრად შეიქმნა და მისი დანიშნულება შემთხვევით გადაყლაპული ნივთების მოძებნა იქნება.

თუმცა, რამდენად გირჩევნიათ ამ უცნაური რობოტის გადაყლაპვა იმას, რაც შეცდომით გადაყლაპეთ, ნამდვილად არ ვიცი. თუ ვიდეოს ვნახავთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რობოტი მადისაღმძვრელად არ გამოიყურება. რობოტი იმდენად ცუდად გამოყურება, რომ ინტერნეტმა მასზე ხუმრობა უკვე დაიწყო.

რობოტი Hong Kong-ის უნივერსიტეტის მკლევრებმა, ნეოდიმიუმის ძლიერი მაგნიტებისა და ნატრიუმის ტეტრაბორატის შერევით შექმნეს. ის სილიციუმითაა გარშემორტყმული, რათა კანთან შეხებისას ის ტოქსიკური არ იყოს.

ტესტირებისას მეცნიერებმა შეძლეს და მოდელირებული კუჭიდან "გადაყლაპული" ელემენტი წარმატებით ამოიღეს. მაგნიტური ველის დახმარებით ტყლარწს ფაქტობრივად ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია.

"თავიდან ის შეგვიძლია ნებისმიერ სიგრძეზე გავწელოთ, თითქოს სითხეა. როცა ობიექტს მივწვდებით, მისი მოზიდვა რვაფეხას საცეცივით შეგვიძლია", — ამბობს Li Zhang, კვლევის ერთ-ერთი ავტორი და Chinese University of Hong Kong-ის წევრი.

კვლევა ჟურნალ Advanced Functional Materials-ში გამოქვეყნდა. Zhang იმედოვნებს, რომ სამომავლოდ რობოტი ავტონომიურად მუშაობასაც შეძლებს, რაც ისედაც უცნაურ იდეას კიდევ უფრო უცნაურს ხდის.