იაპონური Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის — GITA
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის. Rakuten იაპონური ელექტრონული კომერციისა და ონლაინ ვაჭრობის კომპანიაა, რომელიც 1997 წელს, ტოკიოში შეიქმნა. 2014 წელს კომპანიამ Viber შეიძინა — მესენჯერ აპლიკაცია, რომელსაც არაერთი ჩვენგანი იყენებს.
"კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული", — ნათქვამია GITA-ს პოსტში.
როგორც სააგენტოს განცხადებიდან ვიგებთ, Rakuten Viber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. აღსანიშნავია, რომ Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.
"Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით — ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთშ, საფრანგეთში, ისრაელში, ლუქსემბურგში, ბელარუსში, ბულგარეთში, სინგაპურში, უკრაინასა და სხვ. Rakuten Viber-ის, ამ მასშტაბის და ცნობადობის ბრენდის საქართველოში შემოსვლა ახალი სტიმული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული აქტორებისთვისა და ცალკეული პირებისთვის, განსაკუთრებით, IT სპეციალისტებისთვის", — ვკითხულობთ GITA-ს პოსტში.
კომენტარები