ჰაკერების განცხადებით, მათ რუსული სადაზვერვო სატელიტების საკონტროლო ცენტრი გათიშეს
ჰაკერული დაჯგუფება, სახელად NB65, რომელიც ცნობილ ანონიმუსთან არის დაკავშირებული, აცხადებს, რომ რუსული კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის საკონტროლო ცენტრები გათიშა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას საკუთარ სადაზვერვო ხელოვნურ თანამგზავრებზე წვდომა შეეზღუდა.
ამის შესახებ პოსტი მათ ტვიტერის გვერდზე გამოაგვეყნეს და მას თან მომხდარის დამადასტურებელი ფოტომასალაც დაურთეს:
NB65-ის მტკიცების მიუხედავად, როსკოსმოსის ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.
"ამ თაღლითების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი კუთვნილი ყველა საკონტროლო ცენტრი, რომლითაც კოსმოსურ აქტივობებს ვახორციელებთ, მწყობრშია და გამართულად ფუნქციონირებს", — ამბობს ის.
ასევე, იხილეთ: რა არის ჰაკერული ომი — რა ზიანი შეიძლება მიადგეს რუსეთს ანონიმუსისგან
როგოზინის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის სატელიტებზე შეტევა Casus belli-დ შეგვიძლია მივიჩნიოთ, ანუ ომის დაწყების მიზეზად. შეგახსენებთ, რომ ციფრულ სივრცეში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს და მის სათავეში სწორედ ანონიმუსი დგას.
თავად როსკოსმოსის ხელმძღვანელი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ამართლებს. მეტიც, ის მისი სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე შესანარჩუნებლად რუსული მოდულების გამოყენების შეწყვეტითაც იმუქრება და სჯერა, რომ ამ შემთხვევაში ISS-ს დედამიწაზე ჩამოვარდნისგან ვერავინ იხსნის. თუმცა, NASA ამ საკითხის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.
კომენტარები