უკრაინა ითხოვს, რომ რუს მომხმარებლებს PlayStation-სა და Xbox-ზე წვდომა შეეზღუდოთ
უკრაინის მთავრობას სურს, რომ სათამაშო ინდუსტრიის გიგანტები რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს შეუერთდნენ. Polygon-ის უწყებით, ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა Microsoft-ს, Sony-სა და სხვა კომპანიებს მოუწოდა, რუს და ბელარუს მომხმარებელთა ანგარიშები დროებით დაებლოკათ.
ამასთან ერთად, მან eSports-ის ორგანიზატორებსაც სთხოვა, რომ რუსი და ბელარუსი მონაწილეებისათვის თამაშის უფლება არ მიეცათ და ორივე სახელმწიფოში დაგეგმილი ნებისმიერი ღონისძიება გაეუქმებინათ.
ფედოროვი ფიქრობს, რომ შესაძლოა, რუსებს ამ ნაბიჯებმა უბიძგოს, უკრაინაში "სამარცხვინო სამხედრო აგრესიას" შეეწინააღმდეგონ. ვიცეპრემიერის აზრით, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის წინააღმდეგ სწორედ ტექნოლოგიები აღმოჩნდეს "საუკეთესო პასუხი".
ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ Microsoft-ი და Sony. რუსეთი არცერთი მათგანისთვის არ არის გასაღების უდიდესი ბაზარი, თუმცა ნაბიჯი მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყანაში მომსახურების თუნდაც ცოტა ხნით შეზღუდვა არაერთ მოთამაშეს დააზარალებს.
კომენტარები